ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ერთიანი ოპოზიციიდან ანზორ მელიამ ხმა ზუგდიდში მისცა და ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია:
“ცოტა ხნის წინ ვიყავი მშობლების საფლავზე, ვთხოვე მათ დალოცვა და უნდა გენახათ, რამდენი მანქანის რიგი დადგა – ყველანი წარმატებებს მისურვებდნენ. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები მე მიჭერენ მხარს, დამიდგეს ჩემი კონკურენტი, ერთად დავიაროთ ზუგდიდის ქუჩები და ვის უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვნახავთ.
მე ძალიან მიყვარს ზუგდიდი, ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს მოვესწარი და თავს გავწირავ ზუგდიდელებისთვის. მინდა ეს ქალაქი დავამსგავსო ჩემი სიყმაწვილის ულამაზეს ქალაქს”, – განაცხადა ანზორ მელიამ ხმის მიცემის შემდეგ.
ანზორ მელიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებაც ისაუბრა:
“მინდა, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს ჯანმრთელად და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, ჩემი გამარჯვება იქნება ბატონი მიხეილის გამარჯვებაც”, – განაცხადა ანზორ მელიამ მედიასთან.
შეგახსენებთ, ზუგდიდში დილიდან რამდენიმე უბანზე დაპირისპირება იყო. შსს-ს განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე 5 პირი დააკავეს.
აქვე გეტყვით, რომ 12:00 მონაცემებით, ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა, პირველ ტურთან შედარებით, 1%-ით დაბალია.