ეს არის სამართლებრივი აბსურდი და ამას თავი რომ დავანებოთ, მთავარი საკითხი არის დემონსტრირება ამ კატასტროფული სასოწარკვეთის, ძალაუფლების შენაჩუნებისთვის ნებისმიერი რამის კადრების და ნებისმიერი სიტყვის თქმის,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია პრემიერის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ „კანონით ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს“.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პრემიერისგან მსგავსი დამოკიდებულება იმის დემონსტრირებაა, რომ „ეს ხელისუფლება საფრთხეა არა მხოლოდ სააკაშვილისთვის, არამედ ყველასთვის“.
„ის, რაც დღეს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება, პრობლემაა მთელი საქართველოსთვის იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ჭრილობა, პატიმრობა, ქვეყანას ძალიან დიდი ხანი წაყვება, არაფერს ვამბობ ჯანმრთელობის საფრთხეზე.
დამოკიდებულება, როდესაც პრემიერ-მინისტრი ასე საუბრობს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე და ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ოპონენტზე, იმის დემონსტრირებაა, რომ ეს ხელისუფლება საფრთხეა არა მხოლოდ სააკაშვილისთვის და არა მხოლოდ მისი პოლიტიკური პარტიისთვის ან ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიისთვის, არამედ ყველასთვის“,- განაცხადა ბოკერიამ.
კითხვაზე, არსებობს თუ არა თვითმკველობასთან დაკავშირებით კანონში მსგავსი ჩანაწერი, რაზეც ირაკლი ღარიბაშილი საუბრობს, ბოკერია ამბობს, რომ „ამ ტიპის ჩანაწერი არ არსებობს“.
„თვითმკვლელობის მცდელობა დასჯადი არ არის, ოღონდ ეს არაფერ შუაშია ამ განცხადებასთან. როდესაც ადამიანი პატიმრობაში გყავს და არ იღებ იმ ზომებს, რომელიც მისი ჯამრთელობისთვის აუცილებელია, რისკებს არ ითვალისწინებ და ასეთი დამოკიდებულება გაქვს, კიდევ ერთხელ აჩვენებ, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ძალის დენმონტრირებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კანონის თანახმადადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.