ე.წ. ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, იმიტირებული ბუნტი და მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება – ნიკა გვარამია

0
324

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მთავარი არხის გენდირექტორი ნიკა გვარამია საგანგებო განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ გლდანში, ე.წ. ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემთხვევაში, ადვოკატების ინფორმაციით, იმიტირებული ბუნტი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ლიკვიდაცია იგეგმება.

ამასთან, ნიკა გვარამიას თქმით, ე.წ. ციხის საავადმყოფო არ არის ის შერეული, მულტიფუნქციური კლინიკა, სადაც შიმშილობის 24-ე დღის შემდეგ შეიძლება იყოს გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი.

ამის მიზეზად ნიკა გვარამია ასახელებს გლდანის ციხის საავადმყოფოში სამედიცინო მომსახურების შესაბამისი სერვისების არარსებობას და უსაფრთხოების საკითხებს. მისი თქმით, ციხის საავადმყოფოში არ არის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და დოპლერი. ამის გარდა, ნიკა გვარამიას განცხადებით, ყველაზე დიდი რისკი, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილს ემუქრება, ეს გულის გაჩერებაა, ციხის საავადმყოფოში კი ამის პრევენცია შეუძლებელია იმის მიუხედავად, რომ საავადმყოფოში ჰყავთ კარდიოლოგები.

ნიკა გვრამიას თქმით, საჭიროა, კლინიკაში იყოს “ინტერვენციული კარდიოლოგია, ანგიოკარდიოლოგიური ლაბორატორია, ენდოკარდიული პეისმეიკერის იმპლანტი, იმპლანტაციის შესაძლებლობა და კათეტერარული აბლაცია, სტენოკარდიოლი და თრმობოზული გართულებების მართვა – ეს ამ კლინიკაში არის შეუძლებელი.

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროფილის ექიმები არიან ციხის საავადმყოფოში, ეს არ იძლევა საშუალებას, რომ სხვადასხვა პროფილის მომსახურება გაკეთდეს სრულფასოვნად. მრავალპროფილურ კლინიკაში არის ყველა შესაბამისი განყოფილება ყველა შესაბამისი აღჭურვილობით და სააკაშვილის პრობლემები ძალიან დიდ სპექტრს ფარავს სამედიცინო მომსახურებების საჭიროებებისა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სპეციალისტი კარდიოლოგი არის ციხის საავადმყოფოში, კარდიოლოგიური განყოფილება იქ არ არის. ასევე, იქ არ არის მომსახურება მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით და ასე შემდეგ.

შესაბამისად, კლინიკა, რომელშიც მოთავსება მიხეილ სააკაშვილი, უნდა იყოს მრავალპროფილური, შერეული კლინიკა”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ჯანდაცვის მინისტრისგან მოითხოვს, უახლოეს რამდენიმე საათში გააკეთოს განცხადება, ირჩევს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციისთვის ციხის საავადმყოფოს, რასაც კონსილიუმის დასკვნა კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ამ დასკვნის მიხედვით, ციხის საავადმყოფო არ შედის ჰოსპიტალთა “C” კატეგორიის ნუსხაში, რაც კონსილიუმისგანაა განსაზღვრული. ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ამ წუთებშიც მიმდინარეობს ციხის საავადმყოფოს შეყვანა “ცე” კატეგორიის ჰოსპიტლების ნუსხაში და ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს ამ ნაბიჯისგან.

წინა სტატიაბოლო მონაცემები – კორონავირუსით გარდაცვლილია  43 ადამიანი, გამოვლენილია ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა
შემდეგი სტატიაყველაზე დიდი რისკი, რაც მიხეილ სააკაშვილს ემუქრება, გულის გაჩერებაა – ნიკა გვარამია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური