თუ ვაქცინაციის ეს მაჩვენებელი შენარჩუნდება, სავარაუდოდ ახალი შეზღუდვები დაწესდება – ამაზე ამირან გამყრელიძე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანაში მეხუთე ტალღა დაიწყო და წინ რთული ნოემბერია
“სამწუხაროდ, ყოველდღიური აცრის რაოდენობა დაცემულია, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ, აცრის მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ. ხვალ აცრის მარათონი იწყება ქვეყანაში და ვნახოთ, როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა. დავაკვირდებით მიმდინარეობას, თუ აცრების მიმდინარეობა ვერ ავწიეთ, მაშინ საკმაოდ რთული ნოემბერი იქნება და ქვეყანას ისევ შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება მოუწევს, სხვაგვარად ეპიდსიტუაცია ვერ დამშვიდდება” – ამბობს გამყრელიძე ინტერპრესნიუსთან
დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 28 ადამიანი. ძალიან დაბალია ვაქცინაციის ტემპი. ncdc-ის ინფორმაციით, 17 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 911 877 აცრა.
1 დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 35.6 %, ხოლო ორივე დოზით – 31.5%
16 ოქტომბერს სულ რაღაც 4 681 ადამიანი აიცრა.