ნიკა მელია: ძველ ისტორიულ უსამართლობებს ვერა, მაგრამ დღევანდელობას შევცვლით, შევცვლით თქვენი სიმრავლით,სიმტკიცითა და სიმართლით!

0
250

“ვიდრე უთავმოყვარეო ჯამბაზებს ჰყავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში, მშვიდად ვერ ვიქნებით” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ნიკა მელია თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართავს.

როგორც არასდროს დღეს ყველა ამ ქვეყანაში და არამხოლოდ ამ ქვეყანაში თქვენი შემხედვარე არის ამაყი და დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. დიდი მადლობა, რომ არსებობთ. დიდი მადლობა, რომ გული გიძგერთ…

დღეს ძალიან ემოციური დღეა… ძალიან ბევრი ემოცია ირევა და პირველ რიგში, პირველი ემოცია, ეს არის ბრაზი, ბრაზი იმიტომ, რომ აქ და ახლა, ჩვენს თვალწინ, საქართველოში ისტორიული უსამართლობა ხდება. თითოეული ჩვენგანი ძალიან მაგრად გაბრაზებულა ისტორიულ უსამართლობაზე საქართველოს ისტორიის წიგნებს როცა ვკითხულობდით. სადაც ბევრჯერ განგვიდევნია, შეგვივიწროვებია ან მოგვიკლავს კიდეც საქართველოს ერთგული, დიდი ქართველი. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეტაპზე ქვეყნის განვითარების მანძილზე.

მაგრამ იმას, რაც  დღეს ხდება, ამ ყველაფერს დღეს წიგნებში არ ვკითხულობთ… და დღევანდელი დღე საწინდარია იმისა, რომ კიდევ ერთი, ძალიან სამარცხვინო, საქართველოს ისტორიის ფურცლის დაწერის ნაცვლად, ძალიან მალე თქვენ და კიდევ ბევრი სხვა, საამაყო ფურცელს დაწერს. დღეს თქვენ ეს დაამტკიცეთ უკვე. მოყვარესაც დაუმტკიცეთ და მტერსაც. მეორე ემოცია, რომელიც ამ ემოციებში ირევა, ეს არის იმედი. და რატომ იმედი – იმიტომ რომ ის, რაც უკვე მოხდა, მოხდა და ისტორიას ვეღარ შევცვლით. მაგრამ დღევანდელობას შევცვლით, შევცვლით თქვენი სიმრავლით, თქვენი სიმტკიცით და თქვენი სიმართლით. აი, ამ ყველაფრით შევცვლით ჩვენ რეალობას და დღევანდელობას.

კიდევ ერთი ემოცია რომელიც ირევა ახლა აქ, ეს არის სოლიდარობა. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ყველამ, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მანამ სანამ ხელისუფლების უთავმოყვარეო ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით, ჩვენ ხელებს არ ჩამოვუშვებთ მანამ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს, –

მისივე თქმით, დღეს “გეგმა არის გამარჯვება და არაფერი მეტი სხვა”.

მიხეილ სააკაშვილმა თავისი თავდადებით არაფრად ჩააგდო დევნისა და ციხის საფრთხე და ამ თავგანწირვამ რეჟიმი გაბზარა, უსამართლობა დაასუსტა… 30 ოქტომბერს ან ივანიშვილი შეეგუება რომ მარცხდება, ან გპირდებით, ბრძოლა იქნება ბოლომდე,

ბიძინა ივანიშვილო, თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ შევიკრიბებით მთელი ქვეყანა რუსთაველის გამზირზე და შენზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ ხალხი, ვიზეიმებთ გამარჯვებას თუ დავიცავთ ამ ქვეყნის აწმყოს, მომავალს და რაც მთავარია ღირსებას. ეს არ არის ხუმრობა, ეს არის წრფელი სიტყვები. არც ერთ ჩვენგანს არ გვიღირს ღირსების შელახვა. ამდენ ადამიანს ვერავინ ვერ დაამარცხებს, იმიტომ რომ მართლები ვართ, მართლები ვართ როგორც არასოდეს. გეგმა არის ერთადერთი. სხვა გეგმა ვერ იქნება. გამარჯვება და არაფერი მეტი სხვა” -თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისში თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილისადმი მხარდამჭერ ხალხმრავალ აქციაზე.

მისი თქმით, თუკი “30 ოქტომბერს თუ ისევ გააყალბებს ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს”, უფრო მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში.

“ჩვენი ძალა სიმრავლეშია” – უთხრა აქციაზე მყოფ ადამიანებს ნიკა მელიამ. ის ამბობს, რომ პოლიტიკური გამარჯვება შეუძლებელია, თუ მორალურად არ გაიმარჯვებ და მისივე შეფასებით, დღეს ოპოზიცია მორალურად გამარჯვებულია.

“30 ოქტომბერს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად იმისათვის, რომ წინააღმდეგობის გაწევის უნარიც არ ქონდეს ბიძინა ივანიშვილს. 30 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი ან შეეგუება რომ მარცხდება, ან ბრძოლა იქნება ბოლომდე, შეუპოვარი. აქ არ უნდა ვიყოთ ჩვენ მარტოები. მე მინდა, რომ მთელი საზოგადოება, როგორც დღეს, ერთად დავდგეთ.

დღეს ჩვენ ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელიც იმას კადრულობს, რასაც დღეს კადრულობდა რუსთავში, სამტრედიაში, გორში და ასე შემდეგ. საკუთარი დეპუტატები გამოიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობები ჰქონდათ, მაგრამ მადლობა იმისათვის, რომ თქვენ მშვიდობით უპასუხეთ მათ გამოხტომებს. ეს არის ძალა, რომელიც გაგვამარჯვებინებს 30 ოქტომბერს” –თქვა ნიკა მელიამ. მან კიდევ ერთხელ  გააფრთხილა ბიძინა ივანიშვილი, რომ უკანდამხევი არავინაა

არჩევნების შემდეგ ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, თუ როგორ მოვიქცევით, ეს დამოკიდებული იქნება იქნება ბიძინა ივანიშვილზე და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს.

“აგერ ნახეთ, რამდენი ადამიანი გამოვა 30 ოქტომბერს ამ 20 ქალაქში, და რამდენი ადამიანი გამოვალთ მერე თავისუფლების მოედანზე და რაც გინდა ის გააკეთე, გინდ ღარიბაშვილი ჩაიყენე შინ, გინდ კობახიძე და გინდ ანზორ ჩუბინიძე და გინდ ბატონი ვოლსკი”, — მიმართა მან ივანიშვილს

 

.

 

წინა სტატია საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება განვიხილეთ — პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ექიმს ისევ არ უშვებენ ციხეში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური