ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირებული დარღვევების გასაპროტესტებლად და საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით ქალაქის ცენტრში აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აპირებენ უსამართლობასთან შეგუებას და თითოეული მანდატისთვის და ხმისთვის იბრძოლებენ.
ენმ-ს შტაბის წინ აქციის მონაწილეები 8 საათისთვის შეიკრიბნენ. ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით შეიცვალა აქციის ფორმატი.
აქციაზე ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სანთლები დაანთეს.
“პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. ხალხი შეიკრიბა იმიტომ, რომ ჰპარავენ არჩევანს ზუგდიდელებს, ამაყ და მართლაც ღირსეულ ხალხს, რომლებმაც უარი უთხრეს ივანიშვილის რეჟიმს. უნდა დავანახოთ, რომ არ შევეგუებით ამას, ვიბრძოლებთ და გვინდა მივცეთ მაგალითი მთელ საქართველოს. ნუ შეგეშინდებათ, დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი”, – აღნიშნა აქციაზე მისულმა ბაჩანა შენგელიამ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა
“ეს არუს მდუმარე აქცია, რადგან დღეს ჩვენ ყველანი ჭირუსუფლები ვართ და იძულებულები ვართ, მშვიდობიანად, მდუმარედ ვაჩვენოთ ხელისუფლებას ხალხის ძალა, იმ ხელისუფლებას, რომელიც განსაკუთრებით ამ ტრაგიკულ დღეებში თავს უფლებას აძლევდა და არჩევნების შედეგებს კი არ აყალბებდა, წერდა” ამბობს ენმ-ს ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ნიკა მელია.
როგორც მელიამ აღნიშნა, დუმილი ხელისუფლებას ხელს უწყობს, რომ არჩევნების შედეგები გადაწეროს და დღეს აქციაზე ამიტომ გამოვიდნენ.
„გამიგია, უთქვამთ, ზუგდიდში აქციას მაინც ატარებთო? იყო ასეთი კითხვები, არ დაგიმალავთ, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ დუმილი ხელისუფლებას ხელს უწყობს, რომ შედეგები გადაწეროს, ამის უფლებას არ მივცემთ და არც მივეცით! ამიტომ გამოვედით. თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმეა აქ ყოფნა, როდესაც ჯერ კიდევ ვეძებთ გარდაცვლილებს, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ოდნავ რთულიც არ არის ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ შენობაში არიან მოკალათებულები, ზუგდიდელების მიერ გამოხატული ნების მოპარვა. მაშინ, როდესაც ტრაგედია მძვინვარებს. ამ დილემის წინაშე დავდექით – რა გაგვეკეთებინა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. იმედია, სწორად გაგვიგებთ“,- განაცხადა ნიკა მელიამ
ზუგდიდის საოლქო კომისიასთან მიმდინარე აქციას მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ესწრება. მას ანზორ მელიამ მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
,,ჩემს გვერდით მესამე პრეზიდენტის დედა, ქალბატონი გიული იმყოფება, რომელიც მიუხედავად ასეთი მძიმე დღეებისა, შვილის დაკავება ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ძალიან ნაცნობია, მე წარმომიდგენია რა ტრიალებს ქალბატონი გიულის გულში, მაგრამ რა ვაჟკაცი ქალბატონია, სხვანაირად რომ ყოფილიყო, ასეთ გმირ შვილს ვერ გაუზრდიდა საქართველოს” განაცხადა ანზორ მელიამ სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტის მამამ ნიკოლოზ სააკშვილმა ზუგდიდიდან მესიჯი გაუგზავნა შვილს:
„ ხალხს სჭირდება შენი ენერგია, დინამიურობა, აზროვნება და შენი სიყვარული სამშობლოსადმი, მიშა სუსტი, რაღაც მიზეზების გამო უძლური, ამ ქვეყნისთვის დამღუპველია. მიშა ხალხს ისეთი სჭირდება როგორიცაა და როგორსაც ვიცნობთ. სამწუხაროდ, შიმშილობის შეწყვეტაზე უარი მითხრა. მაგრამ თქვა – შენ ჩემი ხლუიასიათი და მიზანსწრაფვა იცი, მე გავალ ბოლომდე. ამიტომ, მივმართავ კიდევ ერთხელ: მიშა, ტაშს გიკრავ, ბრძოლა ბოლომდე“,- განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.