ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ქალი ცოცხალია და. გავრცელებული ინფორმაცია მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ქალს რეანომობილით გადაყვანის დროს დაეწყო ძლიერი სისხლდენა და საავადმყოფოში გულის გაჩერებით შემოიყვანეს. – ამბობენ კლინიკის ექიმები – ორივე კიდურზე მძიმე დაზიანებები აქვს. გადაყვანილი იყო შოკის დარბაზში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგის, კახაბერ ქაშიბაძის ინფორმაციით, პაციენტის თითქმის ყველა პარამეტრი სიცოცხლესთან შეუთავსებლობის ზღვარზეა.
“ქალბატონი იქნა ჩვენთან შემოყვანილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ახლაც რჩება ის უკიდურეს მძიმე მდგომაროებაში. სამჯერ იყო გულის გაჩერება. ყველა პარამეტრი არის, რეალურად, ახლოს შეუთავსებელ სიცოცხლესთან, მაგრამ აქამდე ვიბრძვით მისი სიცოცხლისთვის. რაღაც-რაღაც ელემენტები გამოჩნდა, თუმცა რჩება უკიდურესად მძიმე […] მთელი საავადმყოფო მობილიზებულია, რომ ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, ეგებ მოვახერხოთ”
დაშავებული ქალი ნანგრევებში 8 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ახლაც გრძელდება.