35 წლის ქალი, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ქალი კლინიკაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მას გული 5-ჯერ გაუჩერდა.
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 6 პირიდან 4 ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვლილია 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი ორი არასრულწლოვანი შვილი და მაზლი. 35 წლის ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, ინგა მეკეიძე კლინიკაში გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მისი 2 შვილი -1 და 9 წლის ბავშვები. ორივე არასრულწლოვანი გარდაცვლილი იყო. ბავშვებთან ერთად მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს მათი ბიძაც, რომელიც ინგა მეკეიძის ახლობლის თქმით, უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო და ძმის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.
„მაშველებს ბიძა ბავშვთან ჩახუტებული ამოუყვანიათ. ოჯახიდან გადარჩა ინგას მეუღლე და ერთი, 5 წლამდე ბავშვი. მამას ბაღში ჰყავდა წაყვანილი და ამან გადაარჩინა” – განუცხადა Ambebi.ge-ს გარდაცვლილი ინგა მეკეიძის ოჯახის ახლობელმა.