დაკავების პროცესში სააკაშვილს ივანიშვილმა დაურეკა და გარიგება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო – ელისო კილაძე

0
1398

გაზეთ “ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე თავის ჯგუფში, ლაივ-ჩართვაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის საკითხის განხილვის დროს, ექსკლუზიურ დეტალებს ამხელს და აცხადებს, რომ დაკავების პროცესში მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა.

“ივანიშვილმა მას შესთავაზა, რომ წასულიყო საქართველოდან და ქვეყანაში მისი ჩამოსვლის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა, არც არავინ დააკავებდა. სანაცვლოდ ივანიშვილი არჩევნების დათმობაზე მიანიშნებდა. რაც შეეხება ბათუმში გადაღებულ ვიდეოებს, ამის შესახებ ხელისუფლება იტყოდა, რომ სააკაშვილმა ეს ვიდეოები მაშინ გადაიღო, როცა საქართველოში კატარღით შემოვიდა. მიხეილ სააკაშვილს მან მოსაფიქრებლად 10 წუთი მისცა, მაგრამ მესამე პრეზიდენტისგან უარი მიიღო: მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოში ჩამოსულია, უკან არ დაბრუნდება და, თუ საჭიროა, ციხეში ჩაჯდება”, – თქვა ელისო კილაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა და ბათუმში გადაღებული ორი ვიდეო გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს, რომ გავრცელებული ვიდეო დიპფეიკია და რომ მიხეილ სააკაშვილი, სინამდვილეში, უკრაინის ერთერთ კურორტზე იმყოფება. მოგვიანებით პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. როგორც გაირკვა, მესამე პრეზიდენტი თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

მიხეილ სააკაშვილს სოხუმელი ელგუჯა ცომაია მასპინძლობდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სანზონაში საკუთარი ბინა დაუთმო. საქართველოს მესამე პრეზიდენტი სწორედ ამ ბინაში დააკავეს, თუმცა, დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე სააკაშვილმა თავად ატვირთა ვიდეო, სადაც მისი დაკავება იწინასწარმეტყველა. დაკავებისას ბინაში მიხეილ სააკაშვილი მარტო იმყოფებოდა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. დააკავეს ასევე ბინის მფლობელი ელგუჯა ცომაია, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას (ძებნილი პირის შეფარება) ედავებიან.

წინა სტატია“ქართულმა ოცნებამ” ზუგდიდი პროპორციულშიც წააგო, საკრებულოში კი უმრავლესობა დაკარგა
შემდეგი სტატიავინ არის, რას ედავებიან, რა სასჯელი ელის ელგუჯა ცომაიას, ვინც მესამე პრეზიდენტს ბინა დაუთმო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური