აშშ-ის ელჩი შეშფოთებას გამოხატავს წინასაარჩევნოდ დაფიქსირებული დაშინების, შევიწროების ფაქტებზე

0
231

აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ დაფიქსირებული დაშინების ფაქტები შემაშფოთებელია და მსგავსი ფაქტები საზოგადოებას კიდევ უფრო პოლარიზებულს ხდის.

კელი დეგნანის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში მედიას უნდა მიეცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება, რათა ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. მისივე თქმით, ეს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება დაშინების, შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც დაფიქსირდა წინასაარჩევნო პერიოდში. ასეთი ფაქტები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს ისედაც პოლარიზებული საზოგადოების ერთმანეთთან კიდევ უფრო დაშორებას. მიუღებელია თავდასხმები მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ, საკუთარი საქმე განახორციელონ მშვიდ გარემოში, რომ მოქალაქეებს შეეძლოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის”, – აცხადებს კელი დეგნანი.

​ელჩი ამბობს, რომ დადებითად აფასებს წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგებსაც, რომლის თანახმადაც ამომრჩევლის აქტივობა, სავარაუდოდ, მაღალი იქნება.

დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების დღეს გარემო მშვიდი იქნება.

„მოხარული ვარ, რომ ვიხილე წინასაარჩევნო გამოკითხვები, რომლის პროგნოზის მიხედვითაც ამომრჩევლის აქტივობა ამ არჩევნებზე იქნება მაღალი. კარგია, როდესაც ხალხს სურს მივიდეს საარჩევნო უბანზე და გამოხატოს საკუთარი პოზიცია. იმედი მაქვს, იქნება მშვიდობიანი და წყნარი გარემო იმისთვის, რომ ადამიანებს მიეცეთ საარჩევნო უბნებზე მისვლის და არჩევანის დაფიქსირების საშუალება”, – აცხადებს აშშ-ის ელჩი.

კელი დეგნანის ინფორმაციით, საელჩოს მხრიდან საარჩევნო პროცესს ასი ადამიანი დააკვირდება.

წინა სტატიაშემაშფოთებელია ის წინასაარჩევნო გარემო, რაშიც ჟურნალისტებს უწევთ მუშაობა – ნინო ლომჯარია
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო კეზერაშვილს სასამართლოში უჩივის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური