მთავარისიახლეებიშესაძლოა, საქართველო კატასტროფის წინაშე დადგეს - თენგიზ ცერცვაძე

შესაძლოა, საქართველო კატასტროფის წინაშე დადგეს – თენგიზ ცერცვაძე

Published on

მედიისა და საზოგადოების მთელი ყურადღება მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ შესაძლოა, საქართველო კატასტროფის წინაშე დადგეს, თუ ვაქცინაციის ის ტენდენცია გაგრძელდა, რომელიც ახლაა, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ერთხანს, ვაქცინაცია 25 000-30 000 მდე გაიზარდა, მაგრამ არასაკმაოდ, რადგან უნდა ყოფილიყო 40 000-50 000 და როდესაც ყველას იმედი გვქონდა, რომ 40-50 000-ს მივაღწევდით, ვაქცინაცია შემცირდა. ეს არის კატასტროფულად დაბალი რიცხვი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ჯერ საქართველოში მხოლოდ 24%-ია ვაქცინირებული და ეს პროცენტი ლეტალობაზე და დამძიმებაზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს.

„სერიოზული გავლენა რომ მოახდინოს, ვაქცინირებული უნდა იყოს სულ ცოტა, 2/3. წამყვან ქვეყნებში ახლა ლაპარაკია 80 და 90%-ზე“, – განაცხადა ცერცვაძემ. შეკითხვაზე, რას უკავშირებს ვაქცინაციის ტემპის ასე მკვეთრად შემცირებას, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ აქ რამდენიმე ფაქტორი მუშაობს.

„ერთი ის, რომ საქართველოში მოსახლეობა ზოგადად არის ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი. ეს არა მარტო კოვიდის დროს ვლინდება, არამედ იგივე გრიპის, წითელას და სხვა ვაქცინაციის დროს. შემდეგ, ვუკავშირებ იმას, რომ ზოგიერთმა ექსპერტმა და ექიმმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, არასწორი განცხადებები გააკეთა. მათ გააკეთეს განცხადებები, რითაც მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ვაქცინაციისკენ ისედაც არ იყო ძალიან განწყობილი, ხელჩასაჭიდი მისცეს, რომ აი, თურმე, ვაქცინაცია არ ყოფილა აუცილებელი. ბევრმა, ვისაც, რა თქმა უნდა, უნდოდა, რომ ასეთი დასკვნა გაეკეთებინა, გააკეთა მცდარი დასკვნა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი, ძირითადი მიზეზი, თუ რატომ იკლო ვაქცინაციამ. მესამე მიზეზი არის ის, რომ სამწუხაროდ, პოლარიზაცია, რომელიც არის ქვეყანაში და არის პოლიტიკურ სივრცეში, გინდა-არგინდა, ვრცელდება ყველაფერზე, ყველა ყოფით საკითხზე. ეს ვაქცინაციაც პოლარიზაციის ერთ-ერთი სეგმენტი გახდა. ანუ, ვიღაც ვიღაცას უჩვენებს – შენ მე მეუბნები, რომ ავიცრა და მე არ ავიცრები, ეს ჩემი უფლებაა, ჩემი თავისუფლება, ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე მე მეკუთვნის და არ მინდა და არ ავიცრები. აი, ეს განწყობაა, რაც დამღუპველია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
შეკითხვაზე, იგულისხმა თუ არა კოლეგებში ლევან რატიანიც, რომელმაც ცოტა ხნის წინ თქვა, რომ კოვიდგადატანილ ადამიანებში ბუნებრივად გამომუშავებულ იმუნიტეტს მეტი ეფექტურობა აქვს, ვიდრე ვაქცინით შეძენილ ხელოვნურ იმუნიტეტს, თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ლევან რატიანმა უბრალოდ, ფაქტი დააფიქსირა, მაგრამ ის, რაც მან თქვა, იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა არ უნდა აიცრან.

„დიახ, იცით, რა არის?! – ბატონმა ლევანმა უბრალოდ, დააფიქსირა ფაქტი და მას არ უთქვამს, ამის გამო არ აიცრათო, მაგრამ აი, რაც მე გითხარით, ის მოხდა. მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც მიზეზს ეძებდა, რომ თავისი პასიურობა გაემართლებინა და არ აცრილიყო, ეს გამოიყენა. სინამდვილეში, ლევანმა რაც თქვა, ის სულ არ ნიშნავს იმას, არ აიცრათო. მან თქვა, გადატანილი კოვიდი შესაძლოა, უფრო მყარ იმუნიტეტს იძლეოდეს, ვიდრე ეს არის ვაქცინის შემდგომი იმუნიტეტი. ასეთი შედეგები მართლაც იყო ერთ-ერთ შრომაში, მაგრამ ეს იყო ერთ შრომაში და საბოლოოდ არ არის დადასტურებული. რომც დადასტურდეს, მერე რა?! ელემენტარული ლოგიკა გეუბნება, რომ ეს კოვიდგადატანილებს ეხება და არა მათ, ვისაც ის არ გადაუტანია. იმისთვის, რომ კოვიდგადატანილი იყო და კოვიდგადატანილის იმუნიტეტი გიცავდეს, ჯერ უნდა გადაიტანო კოვიდი და იმ კოვიდის გადატანის დროს, ან გადარჩები, ან ვერა. ამიტომ, ვისაც კოვიდი გადატანილი არ აქვს, ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს, ხოლო უნდა გაიკეთოს თუ არა კოვიდგადატანილმა, ეს ცალკე საკითხია და მსოფლიო ექსპერტთა ელიტა ცალსახად თვლის, რომ სასურველია, ან აუცილებელია, ვაქცინა კოვიდგადატანილებმაც გაიკეთონ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, დროთა განმავლობაში ბუნებრივი იმუნიტეტი სუსტდება და როდესაც კოვიდგადატანილი ვაქცინას იკეთებს, იქ მას ხვდება კარგი წინაპირობა ამ ვაქცინაციისთვის, უჯრედულ იმუნიტეტში შენახული მეხსიერების სახით.

„კოვიდგადატანილებში ვაქცინაცია იძლევა გაცილებით მაღალ იმუნიტეტს და მაღალეფექტურს, ვიდრე არაკოვიდგადატანილებში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...