“ყველამ კარგად ვიცით, რა გააკეთეს დღეს დმანისში” – ნიკა მელიამ დებატები დაწყებისთანავე დატოვა

0
238

,,არ ვაპირებ ერთ სივრცეში ყოფნას ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს”. –  განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართული დებატები დაწყებისთანავე დატოვა.

“დღეს დმანისში ყველამ კარგად ვიცით, რა გააკეთეს, ამიტომ ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა დამარცხდეს, არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ, ქართველი ხალხის მიერ და დამარცხდება, რადგან ეს ადამიანი არის მოძალადე. მე ვარ გულწრფელი და რასაც ვგულისხმობ, იმას ვსაუბრობ. პატივს ვცემ ყველა კანდიდატის ამომრჩეველს, მაგრამ ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან ერთად, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას”, — თქვა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მისივე თქმით, ფორმატი არ უწყობს ხელს რეალური დებატების გამართვას და მოვიდა  აქ, პირველ რიგში, იმისათვის, რომ ქართული ოცნები გენერალურ მდივანს პირადად უთხრას, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში.  — ეს ადამიანები არაფერს თაკილობენ, ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით და ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, უსაზღვროდ კორუმპირებული ადამიანი და კრიმინალების მფარველი, დამსაქმებელი, ამას სჩადის”, — განაცხადა მელიამ კალაძეზე.

ამაზე კახა კალაძემ ნიკა მელიას უთხრა . “სულ კარგად ბრძანდებოდეთ, მიდი, მიდი, მიკროფონი დაგვიტოვე, მიკროფონი და ისე გადი”.

სამწუხაროა, რომ ნიკა მელია გაიქცა, მაგრამ ვისურვებდი, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც დამარცხდება, არ გაიქცეს. პირობას ვაძლევ ყველას, რომ ვიქნები ყველას მერი, მათ შორის  ნიკა მელიას მერი, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მიერ დებატების დატოვებას.

როგორც   კახა კალაძემ აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” დაკავებულია დესტრუქციის მოწყობით და მისი თქმით, ნიკა მელიას მიერ თბილისის მერობის კანდიდატების დებატების დატოვებაც, ამის ერთ-ერთი მაგალითია.

“ეს არის ნათელი მაგალითი, თუ რას წარმოადგენს ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტია, ძირითადად დაკავებულია დესტრუქციით, სამწუხაროა, რომ ის გაიქცა, მაგრამ ვისურვებდი, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც დამარცხდება, არ გაიქცეს. პირობას ვაძლევ ყველას და დღეს დებატებში ხაზი გავუსვი ამას, რომ ვიქნები ყველას მერი, მათ შორის  ნიკა მელიას მერი. ის სიკეთეები, რომელიც უნდა განხორციელდეს დედაქალაქში მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კონკრეტული პროექტების სახით, ნიკა მელიაც, მისი ოჯახიც და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებიც მიიღებენ ბენეფიტს”, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

.

წინა სტატიაგიორგი გახარია და კახი კალაძე კაცობაზე და პოლიტიკოსობაზე ,, ბლატაობენ”
შემდეგი სტატიაფოთში 32 საარჩევნო უბნისთვის 40 ათასი ლარის გოჭი შეუკვეთეს, ერთ უბანზე 6 გოჭი მოდის – უგულავა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური