ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს უჩივლა სერიალ The Queen’s Gambit-ში ნათქვამი ტექსტის გამო, რომ მას არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ.
სარჩელი დღეს წარედგინა ლოს-ანჯელესის სასამართლოს.
გამოცემა Deadline-ს ინფორმაციით, გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს.
The Queen’s Gambit-ის ბოლო სერიაში – End Game-ში მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის კომენტატორი მთავარ პერსონაჟზე საუბრისას ამბობს:
“ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ მისივე სქესია, თუმცა რუსეთში მას ეს უნიკალურად არ აქცევს. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა ის არის ქალი მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ”.
ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იურიდიული კომპანია BLB იცავს. ისინი სარჩელში წერენ, რომ კომენტატორის ნათქვამი ტყუილია და სექსისტური.
”ბრალდება, რომ გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ არის ცხადი ტყუილი, უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი.”,
1968 წლისთვის, ანუ მაშინ, როდესაც ეპიზოდში მოქმედება ხდება, მას სულ მცირე 59 კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ ჰქონდა თამაში ჩატარებული, მათ შორის სულ მცირე ათი დიდოსტატი იყო”, – წერია სარჩელში.