ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ, როცა ძალაუფლებაში ვიყავი, მეგის ქარდავასნაირებს ადგილი არ მივუჩინე”-გიგი უგულავა

0
644

,, მეგის ქარდავას საქმიანობას ძალიან ნეგატიურად ვაფასებ. ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ თავის დროზე, როცა ძალაუფლებაში ვიყავი,მისნაირებს ადგილი არ მივუჩინე,” – ასე ეხმაურება ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას.

ამასთან, მისი თქმით, მეგის ქარდავას არ ექნება საშუალება, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგეს.

„დაბრუნდება თუ არა ხელისუფლებაში მსგავსი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები? ვერასდროს ვერ დაბრუნდება თუ ჩემზე იქნება დამოკიდებული. აქვს თუ არა მას საქართველოში საშუალება, რომ ჰქონდეს სამართლიანი სასამართლო? არა, იმიტომ, რომ ივანიშვილის სასამართლო არის პროპაგანდისტული. შესაბამისად, ყველაფერს იყენებენ არა სიმართლის დასადგენად, არამედ პროპაგანდისთვის”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას განცხადებით, მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხი აქტუალური არ არის, რადგან ქვეყანა ბევრად დიდი პრობლემების წინაშეა.

„ყველა ნაძირალა, რომელიც ჩაბუდებული იყო წინა, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მშვენივრად გრძნობს თავს, გაათკეცებული ჟინით, გაათკეცებული სიხარბით იწერს ადამიანებს, აშანტაჟებს და ა.შ. ასე რომ, მე სულ ფეხზე მკიდია ვის ჩამოიყვანენ და ვის არა. სიმართლეს ივანიშვილი არასდროს არ დაადგენს იმიტომ, რომ ივანიშვილს სიმართლე არასდროს არ აინტერესებდა. ივანიშვილს ყველაფერი სჭირდებოდა პროპაგანდისთვის. ერთი და იმავე კაკაფონიით არიან დაკავებული, თუნდაც ჩემთვის სრულიად მიუღებელი გახარიას წინააღმდეგ რასაც აკეთებენ, უბრალოდ გულის ამრევია და მეტი არაფერი.

იმ ვითარებას ვერაფერი ვერ შეცვლის, რაც დღეს არის, იმ სიღარიბეს, რაც ქვეყანაში ტრიალებს, ქაოსს, უბედურებას და გასაჭირს. იმ მარაზმს, რასაც ჩვენ ტელევიზიებით ვისმენთ. საცერად არის ქცეული სახელმწიფო უწყებები, რომელიც პედაგოგებით დაწყებული მღვდლებით და თვით პატრიარქით დამთავრებული ყველას და ყველაფერს უსმენენ. ამ საზიზღრობის ნიაღვარს, რაც ივანიშვილის ძალისხმევით ამ ქვეყანაში ხდება, ვერაფერი ვერ შეცვლის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია დღეს განხორციელდა

წინა სტატიაუკრაინამ მეგის ქარდავას გადმოცემა რაღაცის სანაცვლოდ გადაწყვიტა- ვანო მაჭავარიანი
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი ,,თუ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა, ეს ხელისუფლებისთვის მძიმე დარტყმა იქნება, მას დისკუსიაში ვერავინ მოუგებს”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური