გიგი უგულავა: ფოთში კარტელებისა და ოლიგარქების ეპოქა არ მთავრდება, მაგრამ ეს ქალაქი არ იქნება თქვენი საჯიჯგნი

0
252

დღეს „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია  ფოთელ ბიზნესმენებს, დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. შეხვედრის დაწყებამდე,  ირაკლი ხახუბიამ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ის ბიზნესმენებს, მათი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ფოთის მერობის კანდიდატი  გიგი უგულავა ირაკლი ხახუბიას შეხვედრას ბიზნესმენებთან  ზეწოლად აფასებს.

მისი განცხადებით, ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირების მიხედვით, ბიზნესი მისი ხელისუფლების პირობებში, თავისუფალი უნდა ყოფილიყო, თუმცა მისივე თქმით, რეალობა სულ სხვაა და ბიზნესმენები ზეწოლას განიცდიან.

„ჩვენ, ყველას კარგად გვახსოვს ივანიშვილის დაპირება, რომ ბიზნესი თავისუფლად ისუნთქებს. სამწუხაროდ, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არა თუ თავისუფლად სუნთქვა არ არის, არამედ პირდაპირ, განსაკუთრებით ხახუბიას განცხადება, კარტელის შეკრებას ჰგავდა ის, რომ ეს ქალაქი უნდა გავიყოთო.

არ მთავრდება, ეს რაღაც კარტელებისა და ოლიგარქების ეპოქა ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში. 30 წელიწადია ეს ქალაქი ტრიალებს ერთ წრეზე. არჩევნების წინ ვიკრიბებით, ვიღაცა ძალით მოჰყავთ, ვიღაცა ნებით მოჰყავთ და გავინაწილეთ, აბა ახლა ბიჭებო მივხედოთ. ასე არ ხდება. ორი კაცი, რომ ხეირობს და მთელი ქალაქი წყალს მიაქვს და ამდენი ადამიანი, რომ გაუბედურებულ დღეშია და მოსახლეობა აქედან, რომ გარბის, ამას უნდა მივხედოთ.

რა ფორმითაც დღეს ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, ყველა ზღვარს გადავიდა უკვე. იქ შეიძლება ორი- სამი იყოს გულწრფელად მისული, მაგრამ რატომ იყო ეს დამალული? რატომ გამჟღავნდა? იმიტომ, რომ ბევრმა ადამიანმა ინფორმაცია გაავრცელა, არ მინდა და ძალით მივდივარ.ეს არის პრობლემა, რომ იქ ბევრი ძალით იყო შეკრებილი. მეორე – რატომ იმალება ბატონი ვაჭარაძე? თუ ეს ჩვეულებრივია, რა აქვს დასამალი? რატომ არ ეურთიერთობა ჟურნალისტებს? ე.ი. ეს რაღაც არაჩვეულებრივია, ძალით ჰყავთ ხალხი მიყვანილი. რასაც აკეთებდნენ წინასაარჩევნოდ, იგივეს გამეორება უნდათ. არ გამოვა მეგობრებო ეს. ეს ქალაქი არ იქნება თქვენი საჯიჯგნი და ამას 2 ოქტომბერს ფოთელები პასუხს გასცემენ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

წინა სტატიახანძარი სოფელ ტალერის ხის გადამამუშავებელ ქარხანაში
შემდეგი სტატია“ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის”.- ევროპარლამენტარი კალიურანდი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური