გიგა ბოკერია: სადამკვირვებლო ჯგუფის ოპოზიციასთან აფილირება პრობლემა არ არის

0
291

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ქართული ოცნების მიერ “ოპოზიციასთან აფილირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე” გამართულ ბრიფინგს ტაბულაში ეხმაურება.

ბოკერიას შეფასებით, პრობლემა არა ორგანიზაციების რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან დაკავშირება, არამედ არჩევნების იმ ადამიანების ხელით გაყალბებაა, რომელსაც მმართველი პარტია ნეიტრალურად წარმოაჩენს.

“ნებისმიერი სადამკვირვებლო ჯგუფის აფილირება, დაკავშირება რომელიმე პარტიასთან, მით უმეტეს, ოპოზიციასთან, არანაირი პრობლემა არ არის. პრობლემა, თუ ეს ჯგუფი ან ადამიანი კანონდარღვევას სჩადის. პრობლემა არის ის, რაც ხდება არა ოპოზიციის ან თუნდაც მათთან დაკავშირებული რომელიმე ჯგუფის მიერ არჩევნების დროს, არამედ რასაც აკეთებს მთავრობა მისი კომისიის წევრებითა და დაკავშირებული პირებით – ძალადობა, ჩაყრა, კარუსელი, მანიპულაცია.

თუ საზოგადოების მოტყუებაზეა საუბარი, აქ არაფერი დამალული არ არის, ეს ყველაფერი საჯაროა – ამ ჯგუფებიდან ერთ-ერთი ჯგუფის დამფუძნებელი ჩვენი პარტიის წევრი იყო მაშინაც და ეს ყველამ იცოდა, გამგეობის წევრი არის. პრობლემაა, როცა საარჩევნო ადმინისტრაციის ნეიტრალურ წევრებად წარმოაჩენ და უმრავლესობის ნებით ნიშნავ ხალხს, რომელიც საჯაროდ ცნობილია, რომ აღმასრულებელი ვერტიკალის ნაწილია და გემორჩილება. როცა მთავრობა ხარ და ასეთ ჯგუფებს აძლევ ფულს, საბჭო რომ აქვთ ცესკოში შექმნილი, რომლებსაც წარმოაჩენ ნეიტრალურად, აი, ეს არის პრობლემა”. – ამბობს ის.

გიგა ბოკერიას თქმით, გიორგი ნონიაშვილის, ევროპული საქართველოს ახალი წევრის კარიერა ცნობილია და, მისივე სიტყვებით, ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ადამიანები სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებში არიან, შემდეგ კი პოლიტიკაში მიდიან.

“ეს ნორმაა, ამის უამრავი მაგალითი არსებობს ყველა პარტიის მიმართულებით – ოცნებისაც, ნებისმიერი სხვა პარტიის. ეს არავისთვის არანაირი პრობლემა არ არის. ვიმეორებ, პრობლემა არის ძალადობა, ჩაყრა, მანიპულაციები, არჩევნების გაყალბება. როცა ამას აკეთებ ხალხის ხელით, რომლებსაც ნეიტრალურად წარმოაჩენ, ეს არის პრობლემა, დაკვირვება – არა”. – ამბობს გიგა ბოკერია.

წინა სტატიაბრიფინგი ქართულ ოცნებაში – “არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ აფილირებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან”
შემდეგი სტატიაპროკურატურამ პირს, რომელმაც ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორს მანქანა დააჯახა, ბრალი წარუდგინა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური