საქართველოში მყოფი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზს ეწვივნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა და სამსახურის წამრმომადგენლებმა კონგრესმენებს ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული მძიმე ვითარება დეტალურად გააცნეს.
კონგრესმენებმა საოკუპაციო ხაზზე პირადად დასწრებისა და ადგილზე ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
“მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ოკუპაციის საკუთარი თვალით ხილვა. აქ ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. მივესალმები ჩვენს მოწვევას. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და არსებული ვითარების საკუთარი თვალით ნახვა. ერთია წაიკითხო ამის შესახებ და მეორეა, ჩამოხვიდე და იხილო თუ როგორ გამოიყურება საოკუპაციო ზონა”, — აღნიშნა კონგრესმენმა ბრაიან სტილმა.
“აქ აშშ-ის ხუთი კონგრესმენი საქართველოზე ზრუნვისა და მხარდაჭერის გამოსახატავად ვიმყოფებით. მნიშვნელოვანია გავაგებინოთ რუსეთს, რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს და ღრმად ვართ შეშფოთებულები იმ აგრესიით, რომელსაც აქ აქვს ადგილი”, — განაცხადა კონგრესმენმა ალექს მუნიმ.
“ერთია მოისმინო ამის შესახებ, მაგრამ მეორეა საკუთარი თვალით იხილო და უშუალოდ მოისმინო რუსეთის საქართველოში შემოჭრის საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ”, — განაცხადა კონგრესმენმა კელი არმსტრონგმა.
ერთობლივად მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა კონგრესმენმა როლანდ ესტესმა.
“ვფიქრობ მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ყოფნა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დანახვა. მნიშვნელოვანია ვნახოთ რა ხდება იმ ქვეყანაში, რომელთანაც მეგობრობა გვაკავშირებს, ასევე მნიშვნელოვანია ერთობლივად მუშაობა”, — აღნიშნა კონგრესმენმა როლანდ ესტესმა.
კონგრესმენებმა საქართველო-აშშ-ის მეგობრობაზე და აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება.
“აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ქართველების უფლებას, იყვნენ საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს, მისი მთავრობისა და დემოკრატიის მეგობარი ქვეყანა”, — განაცხადა კონგრესის წარმომადგენელმა კეროლ მილერმა.
სუს-ის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ წარმოებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. საუბარი, ასევე, ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებს შეეხო.
“ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო არ არის მარტო და საქართველოს პარტნიორები მტკიცედ დგანან საქართველოს გვერდში, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე კონკრეტული საკითების მოგვარების კუთხით უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ სფეროებში”, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოს დღეს, 6 სექტემბერს ეწვია და მათი ვიზიტი სამ დღეს გასტანს