გახარიას პარტიასთან კავშირის გამო ხალხს ათავისუფლებენ სამსახურებიდან – სახალხო დამცველი

0
239

 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 62 დასაქმებულის მიმართ განხორციელდა სხვადასხვა სახის ზეწოლა – საუბარია წინასაარჩევნო პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დაადასტურა ზეწოლის და გათავისუფლების ფაქტები და მიზეზად ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა.

მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ზემდგომი პირები მათ სთხოვდნენ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას, რასაც ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი არა, რის შემდგომაც ისინი სხვა საფუძვლებით გაათავისუფლეს. ზოგიერთის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური წარმოება.

მოცემულ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის – პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის ნიშნები. სახალხო დამცველმა 2021 წლის 31 აგვისტოს 34 პირთან დაკავშირებული საქმეები შესწავლისა და რეაგირების მიზნით მიაწოდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ დაუშვებელია ადამიანთა დევნა მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მოსაზრებების გამო, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლება“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს – პოლიტიკური შეხედულებების გამო, არ გაათავისუფლონ თანამშრომლები.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიკვლიონ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილში მითითებულ პირთა მიმართ შესაძლო დევნის საკითხი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება

 

წინა სტატიახარაგაულში სამართალდამცავებმა გახარიას პარტიის მხარდამჭერის სახლი გაჩხრიკეს
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქციები თბილისში -“როგორც გვიმწარებენ სიცოცხლეს, ისე გავუმწარებთ მათაც”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური