ეპარქიის სამღვდელოების კრება: სასულიერო პირთაგან აცრის საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოსვლა ყოვლად გაუმართლებელი და დაუშვებელია

0
288

სასულიერო პირების მხრიდან აცრის საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოსვლა დაუშვებელია. – აცხადებენ ფოთისა და ხობის ეპარქიაში , 30 აგვისტოს მიტროპოლიტ გრიგოლის ხელმძღვანელობით ეპარქიის სამღვდელოების კრება გაიმართა, სადაც ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ იმსჯელეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსჯელობა შეეხო ვაქცინასთან დაკავშირებულ მითებსა და საეჭვო ინფორმაციებს. ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ინფორმაცია იწვევს უსაგნო შიშსა და უნდობლობას მედიცინის მიმართ, რიგ შემთხვევაში კი რელიგიურ კონტექსტში აღძრავს სახიფათო მოლოდინებს.

“საკითხის მიმართ მსჯელობისას გამოითქვა აზრი, რომ მედიცინის მუშაკთა და ზოგადად, მედიცინის თანამედროვე მიღწევებისადმი უნდობლობის გამოცხადება ცოდნისა და რწმენის დაპირისპირების ნიშნებს ატარებს; კაცობრიობის სულიერ-ინტელექტუალური მემკვიდრეობა კი სწორედ ამ ორი ფენომენის – რწმენისა და ცოდნის დაახლოებასა და ურთიერთაღიარებაზეა ამოზრდილი.

შესაბამისად, ყოვლად გაუმართლებელი და დაუშვებელია სასულიერო პირთაგან აცრის საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოსვლა: ჩვენ, ქრისტიანები, გამოცხადების მეშვეობით რწმენისკენ ვართ მოწოდებულნი, მაგრამ ეს მოწოდება სულაც არ ნიშნავს გონების უარყოფას.

ასევე აღინიშნა, რომ არსებობს ფუნდამენტური მნიშვნელობის ისეთი საკითხები, რაშიც სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობდეს საერთო თანხმობა. უამისოდ საზოგადოება ადვილად აღმოჩნდება მოწყვლადი სხვადასხვა გამოწვევის წინაშე”, – ვკითხულობთ ეპარქიის განცხადებაში.

ვაქცინაციის პოპულარიზაციის კამპანიაში მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ჩართული არაა, ხოლო სასულიერო პირების მცირე ნაწილი საუბრობს აცრის აუცილებლობაზე. სინოდის წევრებიდან კი ცნობილია, რომ მხოლოდ მელქისედეკ ხაჩიძე და დიმიტრი შიოლაშვილი აიცრნენ.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში აცხადებენ, რომ ვაქცინა ნებაყოფლობითი უნდა იყო და ვერ ჩაერთვებიან კამპანიაში, რადგან ეს მათი კომპეტენცია არაა. ამავე დროს, სასულიერო პირების ნაწილი, მათ შორის სინოდის ზოგიერთი წევრი, ვაქცინასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას და დაუზუსტებელ ინფორმაციას ავრცელებს, მრევლს კი მოუწოდებს არ აიცრან.

წინა სტატიაბიზნესმენ ვლადიმირ ვახანიას მკვლელობის დეტალები, ფოტოები ადგილიდან [Video]
შემდეგი სტატიახარაგაულში სამართალდამცავებმა გახარიას პარტიის მხარდამჭერის სახლი გაჩხრიკეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური