“ერთადერთი ახსნა აქვს ამას – შიში” – უგულავა მერობის კანდიდატად რეგისტრაციაზე შსს-ს უარს ეხმიანება

0
187

ფოთის მერობის კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავას შსს უარს ეუბნება ცნობის გაცემაზე, რომელიც აუცილებელია მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის. გიგი უგულავას განცხადებით, მას ცნობა არ მისცეს და არც განუმარტეს, რა არის უარის მიზეზი. მისივე თქმით, შარშან, არჩევნების დროს მან ეს ცნობა ჩვეულებრივად აიღო, შარშანდელს შემდეგ კი მისი სამართლებრივი სტატუსი არ შეცვლილა, შესაბამისად, უარის საფუძველი არ არსებობს:

“ამას ერთადერთი ახსნა აქვს – ეს არის შიში იმისა, რომ ამ რეფერენდუმს ქართული ოცნება აგებს. სწორედ ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ არავითარი მერების არჩევნები არ იქნება, ეს არის რეფერენდუმი. ეს ფაქტი გვიჩვენებს, რომ შსს დაემსგავსა ბელორუსის მილიციას, დაემსგავსა რუსეთს, სადაც სწორედ მსგავს ხერხებს იყენებენ არასასურველი კანდიდატების წინააღმდეგ”, – თქვა გიგი უგულავამ “მთავარი არხის” ეთერში.

“ქუჩა-მუჩა, ციხე-მიხე – ყველაფერი მათია, მაგრამ იციან, რომ აგებენ, მათია ადმინისტრაციული რესურსიც, მაგრამ იციან, რომ აგებენ. ამიტომ მე მინდა მივმართო ფოთელებს და ჩვენს თანამემამულეებს: დამარეგისტრერებენ, არ დამარეგისტრირებენ, ამას არა აქვს მნიშვნელობა: მე ვიქნები აქ, ამ ქალაქში და ვიქნები აქ რეფერენდუმის ლიდერი, ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ეს პროცესი მოვიგო, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, ვრჩები აქ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, აბსურდულია, როცა ცნობის გასაცემად სასამართლოს ცნობას ითხოვენ, რადგან სასამართლო ჯერ არ დასრულებულა:

“სასამართლო სანამ არ დასრულებულა, ადამიანი უდანაშაულოა, ასე იყო ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით მანამ, სანამ ეს ჯამაჰირიის წარმომადგენლები მას გადაწერდნენ. ჩემი სასამართლო პროცესი დასრულებული არ არის, რა ცნობა უნდა მოვიტანო?”, – თქვა გიგი უგულავამ.

წინა სტატიაწვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი – 2-3 სექტემბრის ამინდის პროგნოზი
შემდეგი სტატიაევროკავშირის დახმარებაზე უარი ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა. – NGO-ების ერთობლივი განცხადება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური