კორონავირუსი მინიმუმ ოთხ საპატიმრო დაწესებულებაში გავრცელდა

0
338
პატიმრების ოჯახის წევრების თქმით, კორონავირუსი მინიმუმ ოთხ საპატიმრო დაწესებულებაში გავრცელდა. საუბარია გლდანის მიმღებ N8, ქუთაისის მიმღებ N2 , ქსნის მე-15 დაწესებულებებსა და გეგუთის ციხეზე.სატელეფონო საუბრისას პატიმრები ციხეში ეპიდაფეთქებაზე ლაპარაკს თავს არიდებენ, რადგან,  მათ ამ თემაზე საუბარი ეკრძალებათ, მაგრამ  ოჯახის წევრები   უკვე ალაპარაკდნენ  ამაზე. ერთერთი მათგანის თქმით, ცოტა ხნის წინ, გეგუთის ციხიდან სულ მცირე შვიდი ინფიცირებული პატიმარი კლინიკაში გადაიყვანეს,

“ჩემმა მეუღლემ დამირეკა ორი დღის წინ, ძალიან ცუდად ვარ, სუნთქვა მიჭირსო. შეიძლება ისევ საავადმყოფოში გადამიყვანონო, გეგუთშიც დაფიქსირდა, მაგრამ არ იძახიან. ძალიან ვნერვიულობთ, ქსანშიც დაფიქსირდა, მაგრამ ყველა უარყოფს. ტელეფონში რომ თქვან, სჯიან ან პაემნის უფლებას არ აძლევენ, ან ტელეფონზე დარეკვის”, – ამბობს ფორმულასთან საუბრისას ერთ-ერთი პატიმრის ცოლი.

მძიმე ეპიდემიური ვითარებაა ქუთაისის ციხეშიც. ადვოკატების ინფორმაციით,   ქუთაისის #2 ციხეში 14  დაინფიცირებული პატიმრის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ  თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადვოკატები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ადასტურებს, რომ  გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა დადასტურდა.

“გეგუთის შემთხვევაში, ნამდვილად დაფიქსირდა თავდაპირველად ერთი შემთხვევა. საკარანტინე სივრციდან გადაყვანილი პირი გაიტესტა რამდენჯერმე, თუმცა ორი ტესტირების შედეგად პასუხი არ დადასტურდა და მხოლოდ მესამე ტესტირების შემდეგ მოხდა დიაგნოზის დადასტურება და ის თანამესაკნეებთან ერთად უსიმპტომოა. ყველა გადაყვანილია სამოქალაქო სექტორის შესაბამის სივრცეში”,- ამბობს გაბუნია.

ამასთან  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გეგუთის გარდა, სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის არსებობა არ დადასტურებულა.

 

წინა სტატია,,ზუდიდს ვერ აქცევენ საჯილდაო ქვად, მამები ვერ უშველიან” – ღარიბაშვილი ენმ – ს მერობის კანდიდატად ანზორ მელიას წარდგენას აფასებს ”
შემდეგი სტატიავინ არის თბილისის მერობის ნიგერიელი კანდიდატი – უცნობი ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური