“საქართველო ჩემი  თავის ტკივილია, აქ ახალგაზრდები უფრო ინგლისურად საუბრობენ, ვიდრე რუსულად. ” -ალექსანდრე ლუკაშენკო

0
325

“საქართველო, უკრაინის მსგავსად ჩემი  თავის ტკივილია”  – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა  ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და მედია საზოგადოებასთან გამართულ  შეხვედრაზე.

საქართველოზე კითხვა მას პრორუსმა პოლიტიკოსმა, პარტია ნეიტრალური საქართველოს თავმჯდომარე, ქართულ-რუსული მეგობრობის ცენტრის ხელმძღვანელმა ვალერი კვარაცხელიამ დაუსვა.

“საბჭოთა პერიოდში, ბევრჯერ ვიყავი აფხაზეთში, (თუმცა სამხრეთ ოსეთში არ ვყოფილვარ) ქართველები, თეთრი ვოლგა, ლამაზი გოგოები… რუსებს, ბელარუსებსა და უკრაინელებს ყოველთვის შურდათ თქვენი! მე არ ვსაუბრობ მიღწევებზე — ეს იყო აყვავებული ოაზისი. ახლახანს ვნახე რა მოხდა იქ. არ ვიტყვი რატომ: კარგი დამოკიდებულება მაქვს საქართველოს, ქართველების მიმართ. არსებობს როგორც ობიექტური, ასევე, სუბიექტური მიზეზები, მაგრამ დასკვნები ყველაფრისგან უნდა გამოიტანო, სანამ გვიანი არ არის. წითელი ხაზები უკვე გადავლახეთ, მაგრამ ჯერჯერობით კუთხეში არავინა ვართ მიყენებული. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ, დავსხდეთ ერთ მაგიდასთან და გადავწყვიტოთ რას გავაკეთებთ. უნდა დავიწყოთ ეკონომიკით, რათა ადამიანებმა იგრძნონ, რომ ამას აქვს აზრი”, — თქვა მან.

ლუკაშენკო ამბობს, რომ საქართველო “უკვე შორს არის” სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან: აქ ახალგაზრდები უფრო ხშირად საუბრობენ ინგლისურად, ვიდრე რუსულად. რამდენიმე წლის წინ  საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მქონდა შეხვედრა თბილისში .

“მან ვიღაც მოიწვია — ისინი რუსულად არ მელაპარაკებოდნენ, საუბრობდნენ ინგლისურად, მე მათ თარჯიმნის საშუალებით ვეურთიერთობოდი. კატასტროფა! მომავალში კიდევ უფრო უარესი იქნება”, — თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ, აგრეთვე, გაიხსენა, რომ დსთ -ში საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობის დროსაც კი მან საქართველოსა და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტებს მიხეილ სააკაშვილს და პეტრო პოროშენკოს სთხოვა ეს ასოციაცია არ დაეტოვებინათ, მაგრამ არ მოუსმინეს.

ლუკაშენკო თვლის,  რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფოების გაერთიანების საფუძველი ეკონომიკა შეიძლება გახდეს, რადგან საქართველო და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ერთმანეთის დაშორებით, ტრადიციულ ბაზრებს კარგავენ.

წინა სტატია,,სამართლებრივ დავას გავაგრძელებ” – ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე პირველი არხიდან დაითხოვეს
შემდეგი სტატიაენტონი ფაუჩი: მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური