გიორგი გახარია: ვინ და როდის დაიწყო ომი ზეპარტიული საკითხია

0
338

ექსპრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს ებრძოდნენ და დისკუსიები გაიმართოს იმაზე, ვინ დაიწყო ომი და როდის, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არის ზეპარტიული საკითხი. მისი თქმით, ამ დღეს მაინც ყველა უნდა შეთანხმდენ, რომ ზეპარტიულია დეოკუპაციისა და დებორდერიზაციის თემაც.

“ქვეყნის დეოკუპაციის გარეშე, მე ვერ წარმომიდგენია საქართველოს სრულფასოვანი განვითარება, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ არის, რომ დეოკუპაციის სტრატეგია, დებორდერიზაციის სტრატეგია ეს არის ზეპარტიული საკითხები, რომელზეც ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ და იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს ვებრძოლოთ და დისკუსიები გავმართოთ იმაზე, ვინ დაიწყო ომი და როდის დაიწყო ეს ომი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უაღრესად ზეპარტიული საკითხი”, — განაცხადა მან.

გახარია ქართული ოცნების ლიდერების მსგავსად, აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე არა შვიდ, არამედ რვა აგვისტოს გამოჩნდა. ის სოფელ შინდისში ჩავიდა.

“რა თქმა უნდა, სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ვართ დღეს აქ შინდისში გმირების მემორიალთან. შინდისის გმირების, რომლებიც გიორგი ანწუხელიძესთან ერთად დაუმარცხებელი საქართველოს სიმბოლო არიან. გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია.

მე რამდენჯერმე მითქვამს და კიდევ ხშირად გავიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის 20%-ის მიწის ოკუპირება. ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების შეზღუდვაა”, — განაცხადა მან.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მოხსენიება რუსული პროპაგანდისტული ნარატივია, რეალურად რუსული ჯარი ქვეყანაში 7 აგვისტოს შემოიჭრა, 8 აგვისტოს კი საქართველომ სამხედრო აგრესიას უპასუხა. საერთაშორისო პარტნიორებმა — ევროკავშირმა, მეგობარი ქვეყნების საელჩოებმა და საგარეო საქმეთა უწყებებმა, სენატორებმა თუ ევროპარლამენტარებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები სწორედ 7 აგვისტოს გაავრცელეს.

წინა სტატიადასავლეთ საქართველოში აგრილდება, მოსალოდნელია წვიმა და შტორმი
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა – 5, ქართული ოცნება — 41. რა ნომრებით მიიღებენ პარტიები მონაწილეობას არჩევნებში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური