დედა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შვილის პენსიას გაჭირვებულებს ახმარს

0
1810

მადონა ჯიქია “ფეისბუქზე” ჰყვება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის დედის შესახებ, რომელიც შვილის პენსიას გაჭირვებულებს ახმარს. პოსტი 2017 წელს დაიწერა და მაშინ მადონა ჯიქია შემოსავლების სამსახურის სპეციალისტი იყო. მან სწორედ ერთი სამსახურებრივი, მაგრამ გამორჩეული შეხვედრა აღწერა:

“შემოვიდა ფერმკრთალი, სათნო სახით, მძიმე შავით შემოსილი, უსაშველოდ ნაღვლიანი, მაგრამ თბილი და სხივჩაუმქრალი მზერით… მომესალმა, დაჯდა და…
– ფონდი დავარეგისტრირე, თქვენი კუთხით მინდა ვალდებულებებში გარკვევაო – მითხრა.
– რა მიზნით დაარეგისტრირეთ-თქო, ვკითხე.
– თუ ძალიან არ შეგაწუხებთ, ცოტა შორიდან დავიწყებო და მომიყვა:

– მე სოფელ კუმისის სკოლის პედაგოგი ვარ, 2008 წლის ომში შვილი დამეღუპა, სამხედრო ექიმი იყო, მისი გარდაცვალების შემდგომ, ყოველთვიური დახმარება დამინიშნეს- 1000 ლარის ოდენობით, ამ თანხამ მოსვენება დამიკარგა, გარშემო უამრავ შეჭირვებულს ვხედავ, გადავწყვიტე, მათ დავხმარებოდი, წლებია ასე ვაკეთებ, ვფიქრობ, ჩემი ზურაც მომიწონებდა და შემიქებდა საქციელს, ახლა კი საჭიროდ ჩავთვალე ფონდის დარეგისტრირებაო.
ტუჩებზე მლაშე სისველე ვიგრძენი… ხმა ამიკანკალდა:
– რატომ ფონდი, გაგეგრძელებინათ იმ ფორმით, როგორითაც დაიწყეთ-თქო.
– ძალიან ბევრს უჭირს, ჩემი კაპიკები ზღვაში წვეთია, არიან სოფელში თითო-ოროლა შეძლებულები, ისეთებიც ხომ იქნებიან, ვინც მრუდე ცხოვრებით იცხოვრა და ახლა სინანულის ჟამი უდგათ, ცოდვები იქნება ამ გზით გამოისყიდონ, ყველა ერთად კი ბევრს დავეხმარებითო.
გაერკვა, რაც აინტერესებდა და წასასვლელად მოემზადა…
– თქვენს ფოტოს დავიტოვებ, თუ ნებას დამრთავთ-თქო – ვთხოვე დაკარგული ხმით.
მოკრძალებული ღიმილით იუარა:
– არაა საჭირო… ჩემი შვილის შესახებ, ჩემს დაწერილ წიგნს გისახსოვრებთო.
წიგნის გადმოცემისას, მალულად და შესაბამისად, დაბალი ხარისხით, მაინც მოვახერხე გადაღება. როგორ არ გადამეღო, ან როგორ არ მომეყოლა ?!” – წერს მადონა ჯიქია.

ფოტოზე გამოსახული ქალბატონი ნელი ბეგიაშვილია, მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის ექიმის, ზურა ბეგიაშვილის დედა. ზურა ბეგიაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში 28 წლისა დაიღუპა. ცნობილია, რომ ის ცხელ წერტილში, თავად ფეხში მსუბუქად დაჭრილი, სხვა ჯარისკაცებს შველოდა, ხოლო როცა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა შესთავაზეს, უარი თქვა და მოვალეობის შესრულება გააგრძელა. ზურა ბეგიაშვილი, სავარაუდოდ, ტყვედ ჩაიგდეს და სასტიკად აწამეს.

„ბოლოს ვინც ნახა, ყველა ამბობს, რომ 8 აგვისტოს დაჭრილები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან. ერთ-ერთი გამოყვანის დროს, თვითონაც დაიჭრა ფეხში მსუბუქად და ისევ ცხინვალში შებრუნდა დაჭრილების გამოსაყვანად. ბიჭებს ეუბნებოდა, არაფერია, ბიჭებს მივხედავო. 8 აგვისტოს დაბომბვის მერეც, 9 აგვისტოსაც ბევრს ესმოდა ზურას ხმა რაციით.

შემდეგ, ვიღაც ოსს დაურეკავს მთავარი ექიმისთვის, ქართულად უთქვამს: ზურა ბეგიაშვილს თუ იცნობთო. მთავარ ექიმს უკითხავს, სად გყავთ ზურაო, იმ ოსს არ უპასუხია, პირდაპირ გინებაზე გადასულა. ცხადია, რომ ზურას ტელეფონი ჩაუვარდათ ოსებს ხელში და, ალბათ, ზურა ბოლოს ვისაც ურეკავდა, იმათთან დაიწყეს რეკვა… რომ არ გამოჩნდა, ყველგან ვეძებდით. სოზარ სუბართან მითხრეს, ცხინვალის პოლიციაში ტყვედ ჰყავთ და ჩვენ ვმუშაობთ ახლა ტყვეების გადმოყვანაზეო. თავდაცვის სამინისტროში გვითხრეს, ტყვედ არისო. 16 სექტემბერს დამირეკეს თავდაცვიდან, ზურა რუსების გამოგზავნილ სიაშიაო. ფაქტია, რომ ჩემი შვილი ტყვედ იყო ჩავარდნილი, შემდეგ დახვრიტეს…

სიზმარში რომ ვხედავ, გაღვიძება აღარ მინდა…“ – ასე იხსენებს ნელი ბეგიაშვილი შვილს, პრაიმტაიმის პროექტ “გმირში”

ბეგიაშვილი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, ასევე საომარი მდგომარეობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის საქმეში გამოჩენილი დიდი დამსახურებისათვის მედლით – ,,სამშობლოსათვის თავდადებული” დაჯილდოვდა.

წინა სტატიაარცერთი ბილბორდი მე წელს არ მექნება! ჩვენ ბილბორდების გარეშეც დავამარცხებთ კორუმპირებულ კალაძეს – ნიკა მელია
შემდეგი სტატიადიმიტრი შაშკინი 2008 წლის ომის კულისებზე: “ბევრმა არ იცის…”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური