მზად ვართ ურთიერთობების აღსადგენად, რა დონეზეც ქართული მხარე არის მზად – რუსეთის საგარეო უწყება

0
449

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ალექსანდრ ბიკანტოვი 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას შეეხო.

ოფიციალური მოსკოვი 2008 წლის ომის დაწყებაში კვლავ ქართულ მხარეს ადანაშაულებს და ამბობენ, რომ 7-8 აგვისტოს ქართულმა მხარემ ცხინვალის დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი გაუხსნა.

ბიკანტოვი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონები ქართული აგრესიისგან გადაარჩინა.

“რუსეთმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა განადგურებას გადაარჩინა – ჯერ შეაჩერა ქართული შემოჭრა, ჩაატარა ოპერაცია, რომლითაც აგრესორს მშვიდობა აიძულა, შემდეგ კი უზრუნველყო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, 2008 წლის 26 აგვისტოს ორივე რესპუბლიკის სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით” – თქვა ბიკანტოვმა.

ბიკანტოვი შეეხო საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობასაც.

“რუსეთში არასდროს დასმულა ტოლობის ნიშანი მიხეილ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის. მზად ვართ აღვადგინოთ სახელმწიფოებს [საქართველოსა და რუსეთს] შორის ურთიერთობა, იმ დონეზე, რამდენადაც ქართული მხარე არის მზად. ვიმედოვნებთ, რომ თბილისში საღი აზრი დაწინაურდება და ჩვენი ქართველი პარტნიორები მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას ინტერესების ბალანსის გათვალისწინებით დაიწყებენ” – თქვა ბიკანტოვმა.

ასევე ბიკანტოვმა დასავლეთს  მოუწოდა უარი თქვან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სურვილზე და თბილისს ცხინვალთან და სოხუმთან თანასწორი მოლაპარაკებების სტიმული მისცეს.

წინა სტატიააჭარაში 102 წლის ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
შემდეგი სტატია2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება – ირაკლი კობახიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური