ომბუდსმენი მოსმენების შესახებ – თვითნებობისა და დანაშაულის დაუსჯელად ჩადენის შესაძლებლობა

0
382

საქართველოს სახალხო დამცველი სავარაუდო არაკანონიერი მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და უკანონო მიყურადებაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.

განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენმა გაავრცელა, აღნიშნულია, რომ 2021 წლის 1 აგვისტოს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ სატელევიზო ეთერით გავრცელებული ე.წ. ოპერატიული კრებსები, რომელიც მისი განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პოლიტიკოსებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, დიპლომატებზე, ბიზნესმენებსა და საჯარო მოხელეებზე თვალთვალს ასახავს, შეიცავს არაერთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს. სახალხო დამცველი ამავე განცხადებაში მიუთითებს, რომ, სამწუხაროდ, არსებული პრაქტიკით, მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე დაწყებული გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს და მეტწილად უშედეგოდ მთავრდება. ომბუდსმენი განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს ასევე კანონმდებლობის ხარვეზებზე:

“სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველისა და სხვადასხვა მოქალაქის სარჩელები და არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მოსმენა-მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა. თუმცა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულ სტანდარტებს კვლავ ვერ აკმაყოფილებდა, რის გამოც სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით კიდევ ერთხელ მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვა 2018 წელს დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული.

მოქმედი კანონმდებლობით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე უფლებამოსილი ორგანო არის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც კვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრული ინსტიტუციური, ფინანსური და ორგანიზაციული დამოკიდებულების ქვეშ. თავის მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს პროფესიული დაინტერესება, მოაგროვოს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია. სამწუხაროდ, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს გარე საპარლამენტო კონტროლი არაეფექტიანია; ასევე, შეზღუდულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილება. შესაბამისად, როგორც სატელეფონო, ისე – ელექტრონული და ინტერნეტ-მონაცემების მოპოვების პროცესთან დაკავშირებით არსებობს მაღალი რისკები, რომელიც დღემდე იძლევა თვითნებობისა და დანაშაულის დაუსჯელად ჩადენის შესაძლებლობას“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ფარული მიყურადების მოქმედი სისტემის შესამოწმებლად. ომბუდსმენი ასევე აუცილებლად მიიჩნევს საკანონმდებლო ზედამხედველობის გაძლიერებასა და მეტი ინსტრუმენტისა და მექანიზმის შეტანას, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად. განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერების, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მძიმე პრაქტიკის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება ხსენებული რისკების არსებობა და მათზე მყისიერი სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობა.

წინა სტატიასაქართველოში ნატოს უსასრულო წვრთნები რუსეთის გამოწვევაა და სხვა არაფერი – ირმა ინაშვილი
შემდეგი სტატია,,ხელოვნების მუზეუმის აღდგენა- განახლებამდე ექსპონატები დროებით საცავებში განთავსდება” –  თეა წულუკიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური