სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციებში გამოვლენილი დარღვევები- TI

0
579

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეისწავლა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციები. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შეისწავლეს ცხრა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 200-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია, საიდანაც
41-ში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა. თანამდებობის ხუთი პირის ოჯახის წევრი ან/და დაკავშირებული კომპანია ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებშიც.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიხეილ ჯობავამ 2021 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი არის შპს “ნიგი 21”-ისა და შპს “საქართველოს ნატურალური პროდუქტის” 50/50% წილის მფლობელი, თუმცა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას ეს წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია.

აღსანიშნავია, რომ შპს “ნიგი 21”-ში მიხეილ ჯობავას პარტნიორი ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ბათლომე შელიაა.ბათლომე შელიამ 2020 წლის ივლისში შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ იგი არის შპს “ნიგი 21”-ის 50% წილის მფლობელი და დირექტორი. თუმცა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას არ დაუტოვებია დირექტორის პოზიცია და საკუთარი წილიც მართვის უფლებით
სხვა პირისათვის არ გადაუცია.

ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ 2021 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი ფლობს წილებს შემდეგ კომპანებში – შპს “ანტანტა”, შპს “ბერმუხა-09”, შპს “ნუმარემა” და შპს “ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკა”, თუმცა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას ეს წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული. სახელმწიფო შესყიდვებშია ჩართული ნუგზარ მალაშხიას მეუღლე, ნანი თარგამაძე. ზუგდიდის მერიამ მისგან 2020 წლის 16 დეკემბერს, 2021 წლის 26 იანვარსა და 2 თებერვალს სამჯერ შეისყიდა რუხის კლინიკაში მოწვეული სამედიცინო პერსონალისთვის სასტუმროს მომსახურება, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 33,850 ლარი შეადგინა. რუხის კლინიკაში მოწვეული სამედიცინო პერსონალისთვის სასტუმროს მომსახურება ნანა თარგამაძისგან გამარტივებული წესით შეიძინა ფოთის მერიამაც – 2021 წლის 8 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 16,500 ლარია.

წალენჯიხის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე დალი კვარაცხელიამ 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ ასახა, რომ მისი შვილი ლექსო ქვარცხავა არის შპს “ლეგი+”- ის 50% წილის მფლობელი, ასევე შვილი ნიკა ქვარცხავა კი – ინდივიდუალური მეწარმე.

ასევე კვლევაში მოცემულია ფოთის, ხობის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს,  აბაშისა და მესტიის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციები

 

 

წინა სტატიანიკა მელია პარლამენტს ტოვებს, თანაპარტიელები რჩებიან
შემდეგი სტატიაარჩევნების ბოიკოტი გამორიცხულია – 2 ოქტომბერს ქართული ოცნების დამარცხების გაფორმება უნდა მოხდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური