აშშ შეწუხებული და გაბრაზებულია ქართული ოცნების ცალმხრივი გადაწყვეტილებით.

0
69

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ქართული ოცნების მიერ მიშლის დოკუმენტის ანულირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ შეწუხებული და გაბრაზებულია ქართული ოცნების ცალმხრივი გადაწყვეტილებით.

“ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია “ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას. ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის ასთხუთმეტმა პარლამენტარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს. ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო”, — აცხადებს საელჩო.

მათივე განცხადებით, ყველა ხელმომწერმა პარტიამ პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე მაშინ, როდესაც აშშ აგრძელებს დაჟინებით მოთხოვნას, რომ ყველა პარტიამ ხელი მოაწეროს და სრულად შეასრულოს შეთანხმება.

“ქართული ოცნების მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა როგორც იმ მოლაპარაკებების შინაარსისა და სულისკვეთებიდან, რომელშიც “ქართული ოცნება” იღებდა მონაწილეობას, ასევე, იმ შეთანხმებიდან, რომელსაც მან ხელი მოაწერა. მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს “ქართული ოცნების” ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის”, — ამბობს საელჩო.

მათივე თქმით, საქართველოს ინტერესები საუკეთესოდ იქნება დაცული, თუ შეთანხმებაში მიღწეული კონკრეტული სასამართლო, კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების საკითხები განხორციელდება მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე და არა ერთი პარტიის ცალმხრივი მოქმედებების შედეგად.

“დროული პროგრესი ამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაზე პასუხისმგებლიანი გზაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ციკლი დასრულდეს და ეს პროგრესი კვლავ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. დესტაბილიზაციისა და განხეთქილების გამომწვევ ქმედებებს სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას”, — ამბობენ ისინი.

აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ყველა პარტიას, მათ შორის, ქართულ ოცნებას, ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის.

“ეს შეთანხმება ქმნის სასარგებლო გზამკვლევს მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რომელიც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლო სისტემის პოლიტიზირების შესამცირებლად, საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ძალისხმევის გასაგრძელებლად. ეს რეფორმები, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესის შედეგი, კვლავაც სასწრაფო და აუცილებელია.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მათ შორის “ქართულ ოცნებას”, ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის”, — წერია განცხადებაში.

წინა სტატია“აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია” – საელჩოს განცხადება
შემდეგი სტატიაშარლ მიშელის განცხადება: ვიწყებ კონსულტაციებს პარტიებთან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური