მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დავნიშნოთ, თუ ოპოზიციის ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია- კობახიძე

0
327

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა რიგგარეშე არჩევნები არა ხმათა 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნოს.

მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ კეთილი ნება იქნება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევა აჩვენებს, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია.

„უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება, საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და „ქართული ოცნება“ ამას მხოლოდ მხარს უჭერს და მიესალმება. შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არა თუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული,“- განაცხადა კობახიძემ.

წინა სტატია„ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტს ანულირებულად აცხადებს
შემდეგი სტატია„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტს ტოვებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური