ჩვილი იესოს პერანგი ასკილის ბუჩქზე და ძველი მეგრელები

0
984

ნონა ქობალიას ბლოკი ,,მთვარის მოზაიკა”

გადმოცემით, მარიამ ღვთისმშობელი ასკილის ბუჩქზე, ზოგიერთი ვერსიით, კვირინჩხის ბუჩქზე აშრობს ჩვილი იესოს პერანგსა და სახვევებს, ამიტომ ეკრძალვოდნენ ძველი მეგრელებიც ასკილის ტოტების უმიზნოდ მტვრევას, ამიტომ მიჰყავდათ ავადმყოფი ბავშვი ასკილის ბუჩქთან, რწმენით, რომ ის დაიცავს მას დემონებისგან და შიშებისგან, რომელიც კრთომას – გოლაფას, გალაფას იწვევს, ამიტომ არის ასკილის ტოტი გალანინის ხვამაშ – ძილში კრთომით შეპყრობილი და დაშიშებული ბავშვის გამოლოცვის რიტუალის უცილობელი ატრიბუტი. სხვათა შორის,  ასკილის  წვენს ასმევდნენ ბნედის, ზნის მოვლისას, ჟინიშით შეპყრობილ ადამიანებს ( თანამედროვე მედიცინაც არ უარყოფს, რომ ასკილის ნაყოფს ინფექციისგან დამცავი ძალა აქვს).

გიფიქრიათ, ალბათ, რატომ ჰქვია ასკილს მეგრულად ,,ეშმაკიშ მართახი” ( ეშმაკის მათრახი) , რაც ძნელად ასოცირდება ამ მშვენიერ ბუჩქთან, რომელიც ულამაზეს წითელ ნაყოფს ისხამს და ცეცხლის ალივით ედება ჩვენი მთების კლდოვან კალთებს (ლაკადას) თუ დაბლობის (დობერას) ტყეებს.

საქმე ისაა, რომ ეშმაკის მათრახი გულისხმობს არა საგანს, რომელიც ეშმაკს ეკუთვნის, არამედ მისი გამათრახების, მისი განფრთხობის საშუალებას წარმოადგენს ისევე, როგორც მუგუზალი, იელის ტოტი, ჯვარი, ქიაჩი და ა.შ. თუმცა, მითოსში, ფოლკლორში, სხვადასხვა დროის რწმენა–წარმოდგენებში ხშირად ხდება ისეც, რომ ერთი და იგივე საგანი, ზოომორფემა, ტოტემური ცხოველი და მცენარე სხვადასხვა ჰიპოსტასით წარმოგვიდგება და ის, რაც დადებითი ნიშნის მატარებელი იყო შემეცნების სხვა საფეხურზე, უარყოფითი, ნეგატიური ნიშნით მკვიდრდება და პირიქით.

ასკილის შემთხვევაში ეს მონაცვლეობა გაცილებით მსუბუქია და არარადიკალური, ვიდრე სხვა შემთხვევებში, რადგან ასკილი ყველა დროის რწმენა–წარმოდგენებში დარჩა მცენარედ, რომელიც სიყვარულის, ბედნიერების, სიკეთის მაძიებელი ქალწულის დახეთქილი ფეხისგულებიდან დადენილი სისხლიდან აღმოცენდა – ასეა ეს მეგრულ ზღაპრებსა და ლეგენდებში.

სხვათა შორის, ასკილის მოტივი გვაქვს სიყვარულის ქალღმერთის აფროდიტეს ციკლის მითებში – თავისი სატრფოს, ნადირობისას დაღუპული ადონისის ამბით თავზარდაცემული აფროდიტე უკანმოუხედავად გარბის მთის კლდოვან გზებზე და ისე ისერავს ფეხებს წვეტიან ქვებზე და ისე ეხლება სახეზე ეკლიანი ბუჩქების ტოტები, რომ ვერ გრძნობს, როგორ ღებავს ირგვლივ ყოველივეს მისი ღაწვებიდან და ფეხის გულებიდან დადენილი სისხლი. ამ სისხლიდან ამოდის რაღაც განსხვავებული, ეკლიანი ბუჩქი მეწამული ნაყოფით და ასე ჩნდება ველური ვარდი- ასკილი, რომელსაც, მეგრულად ,,ძიგირიშ ვარდიც” ( ეკლის ყვავილი) ჰქვია.

რაც შეეხება ეშმაკიშ მართახს – ეშმაკი რის ეშმაკია, თუ ყველაზე ლამაზსა და საკრალურს არ წაეპოტინა, ერთ–ერთი გადმოცემით, როცა ღმერთმა ეშმაკი ცის სფეროდან მიწაზე დაანარცხა, იგი ცაში დაბრუნებას ასკილის მზისკენ აზიდული ტოტებით შეეცადა, თუმცა, ღმერთი უმალვე მიხვდა მის განზრახვას, ასკილის ტოტები დაკრუნჩხა და მიწისკენ დახარა. მას შემდეგ ეშმაკი სულ ასკილს არის ჩასაფრებული იმ იმედით, რომ ასკილი პირველსახეს დაუბრუნდება და რტოებს ისევ ცისკენ აღაპყრობს. ასე გაჩნდა უარყოფითი წარმოდგენა ასკილზე, როგორც ბუჩქზე, რომელსაც სულ ეშმაკი უტრიალებს და სათავისოდ მიაჩნია. მაგრამ სილამაზე თავისას შვება და ხალხის უმეტესობა ასკილს მაინც ეშმაკთან მეომარი საკრალური ბუჩქის სახით ხედავს – ეკლები ასკილს არა სიკეთესთან, არამედ უკეთურობასთან საბრძოლველად სჭირდება და მისით იცავს თავს და ადამიანებსაც .

 

მეგრელთა რწმენა–წარმოდგენებში ასკილის ტოტი იცავს მავნე სულებისგან ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას, ამის დასტურია, რომ ასკილის ტოტს მიცვალებულსაც ატანდნენ საფლავში, რომ მის სხეულს ეშმაკი არ დაპატრონებოდა და გალენიშის მდგომარეობაში გადასულ მიცვალებულს მგლის ან სხვა რამ საშინელი მხეცის სახე არ მიეღო. ასკილის რტოს ადებდნენ ცხედარს მუცელზე, რომ გვამში არ ჩაძვრომოდა ავი სული, ან ასკილის ეკლით ჩხვლეტდნენ ქუსლზე, რომ მტკივან ქუსლს ხელი შეეშალა უკან მობრუნებაში.

სრულიად განსხვავებული ადგილი ეჭირა ასკილის რტოს ჭიაკოკონობის მისტერიაში. კუდიანობის ღამისთვის მოიმარაგებდნენ ასკილის ტოტებს, წვრილად დატეხავდნენ და ტაბლაზე დაყრიდნენ, ასკილის გადაჯვარედინებულ ტოტებს დაასობდნენ ყანაში და ბოსტანში, ასკილის გვერგვებს – რგოლებს მიამაგრებდნენ წინკარებს, ბოსლის, მარნის, საქათმის კარებს, ასკილის რტოებს ჩამოკიდებდნენ წისქვილის კედლებზე, ასკილის წკეპლას გადაუჭერდნენ აგვარიდან გამოდენილ საქონელს, რომ ეშმაკი ვეღარ მიკარებოდა და ა.შ. სხვათა შორის, ჭიაკოკონობას ასკილის რტოს მსუბუქად დაკრავდნენ ბავშვებსაც, ასკილით იცავდნენ კუდიანი დედაბრებისგან მის ტანსაცმელსაც, ბოხჩაში გახვევდნენ და ზედ ასკილის რტოს დაადებდნენ, რომ მზაკვარი და ავთვალი ვერ გაკარებოდა.

მოგეხსენებათ, ჭიაკოკონობა ღამეს ტყის, მთისა და ზღვის როკაპები ტაბაკონასკენ მიგელავდნენ მგელზე, ცოცხზე ან საწნახელზე ამხედრებულები და, რადგან მაინც ქალები იყვნენ, სული ძვრებოდათ ახალ კაბებზე, რომელსაც სადღესასწაულოდ იკერავდნენ ჩვენი ქალები. ამიტომ კუდიანებისგან დასაცავად სამოსს ზანდუკებში გადამალავდნენ და სახურავზე მპარავი კუდიანის დასაფრთხობად ასკილის ტოტს დაადებდნენ

რადგან სიტყვა ქალებზე ჩამოვარდა, აღსანიშნავია, რომ ასკილის ტოტის გვერგვს დებდნენ მელოგინე ქალის სიახლოვეს, რომ მის ეკლებს განეფრთხო ეშმაკეული როგორც დედისთვის, ისე ახალშობილისთვის, ხდებოდა ისეც, რომ მშვიდობიანად მოლოგინებულ ქალს შესაწირი მიჰქონდა ასკილის ბუჩქთან – ეს იყო ქობალიშ კაკალი (ხორბლის მარცვალი), რომელსაც მის ძირას მიმოფანტავდნენ. იყო დრო, როცა ასკილის ბუჩქებს ძირებში ნაცარსაც უყრიდნენ, რომ ეშმაკეულისგან დაეცვათ თავად ისიც – ეშმაკი ღმერთის შიშით ერიდებოდა ნაკვალევის დატოვებას (ნაცრის მოტივი გვაქვს ხოგადის მინდის შემთხვევაშიც, ნაცრის გორის სიმბოლიკაში).

რაც შეეხება მათრახს – ეს იყო ეშმაკის დათრგუნვის, მისთვის წელის ჩამამტვრეველი ძალის სიმბოლო. სხვათა შორის, ამის შორეული ანარეკლი გვაქვს ტარიელის მათრახის სიმბოლიკაში, ტარიელს ხომ ნესტანის დამტყვევებელ ქაჯთა დათრგუნვის ფუნქცია ეკისრება, თუმცა ეს უკვე სხვა სიმაღლეებია, უფლის კვერთხის სიმაღლემდე ასული.

წინა სტატიაფოთში ნარკოლოგიურის თანამშრომელი “მეტადონის პროგრამიდან” წამალს იპარავდა და ყიდდა
შემდეგი სტატიასაარსებო მინიმუმი ივნისში უპრეცენდენტოდ მაღალი გახდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური