სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოს ეწვევიან

0
380

საქართველოს მომავალ კვირას კონგრესის დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოში სენატორების ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და რობ პორტმანის მონაწილეობით ჩამოვა.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონგრესის დელეგაცია საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა, რათა გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.

„რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ვუჩვენოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ, ქართველ ხალხს და გავამხნევოთ პოლიტიკური ლიდერები, გააგრძელონ აუცილებელი რეფორმები, რაც გააძლიერებს დემოკრატიას მათ ქვეყნებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში. ამერიკის შეერთებული შტატები მოწადინებულია, ხელი შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირის წევრობის რეალობად ქცევას”,- განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის დროს სენატორები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის პარლამენტში მყოფ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.

საელჩოს ცნობით, ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი.

წინა სტატიასაქართველოს COVID საწინააღმდეგო ღონისძიებებში ერთადერთი სუსტი ადგილია ვაქცინების დაგვიანებით შემოტანა – თენგიზ ცერცვაძე
შემდეგი სტატიამცხეთასთან რომ გიშენებდნენ ასეთ კაშხალს, მოგეწონებათ? – მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური