“ფილტვებში ქვიშის კენჭებია, ანაკლიელი ხართ?”- “მტვრის ქარის” პირისპირ, “ახალი ინვესტორის პოვნამდე”

0
2135

მას შემდეგ, რაც თანამდობებიდან გადადგა ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, მისი ერთერთი დაპირება – ანაკლიელებისთვის ე.წ. ქვიშის გორების საკითხის გადაწყვეტა ისევე ჰაერში გამოკიდებული დარჩა, როგორც სხვები, რომლებსაც მმართველი პარტიისა და მათი კანდიდატებისგან ვისმენდით.

ამჯერად ახალი დაპირების რიგი დადგა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ანაკლიელებისთვის „ქვიშის გორების“ პრობლემის მოგვარებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალ ინვესტორებს დაავალდებულებენ, ოღონდ, აქ ერთი დეტალია: ინვესტორი ჯერ მოძებნილიც კი არ არის.

“ქვიშის გორების”, გნებავთ, “მტვრის ქარიშხლის” პრობლემა ანაკლიაში 2018 წლის შემდეგ დგას, როცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონცეფციაზე მომუშავე კონსორციუმმა ანაკლიის სანაპიროზე, 11 ჰა მოცულობის მიწაზე, ზღვიდან ამოტუმბული 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა დაყარა.

ეს იმიტომ მოხდა, რომ კონსორციუმს შეესრულებინა ვალდებულება მტვრისგან გარემოს დაცვის შესახებ, გრუნტი გაემყარებინა და ტერიტორია შესაბამისად ემართა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინვესტორსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაიძაბა, ინვესტორმა კი ტერიტორია სახელმწიფოს დაუბრუნა, დაყრილი ქვიშა უმეთვალყურეოდ დარჩა, მცირედი ქარის ამოვარდნისას კი (რაც ასე ხშირია ზღვისპირა პუნქტებში) ჰაერში ქვიშის უთვალავი კენჭი ფარფატებს.

თუ ქარი ძლიერდება, მტვრით იფარება არათუ საცხოვრებელი სახლების აივნების, იატაკების ზედაპირი, არამედ ეს მტვერი ხილვადობის პრობლემებსაც წარმოშობს და ფაქტობრივად, რამდენიმე მეტრში არაფერი ჩანს. ადგილობრივ მოსახლეობას, იმის გარდა, რომ ზაფხულში ხშირად ფანჯრებსაც ვერ აღებენ, ქვიშის ქარი დამატებით თავსატეხს ჯანმრთელობის კუთხითაც უქმნის.

“მტვერი ისეთი რაოდენობითაა ჰაერში, რომ თავს ვერაფრით აარიდებ. ექიმებთან ვიზიტის შემდეგ ანაკლიელებს ყველა ექიმი რენტგენის სურათით სცნობს. პირველი ვიზიტის შემდეგ ექიმმა დანანებით მითხრა, თქვენ ალბათ, ანაკლიელი ხართ, ფილტვებში ქვიშის კენჭები ჩანსო. ასე ეუბნებიან ყველა ანაკლიელს და ეს უკვე სასაცილო აღარაა”, – ამბობს ადგილობრივი ნ.გ. “ოდიშინიუსთან” საუბრისას.

ამჟამად კი ანაკლიელები ახალი რეალობის წინაშე დგანან – “ქვიშის გორები” ანაკლიაში იქამდე იქნება, სანამ მთავრობა ახალ ინვესტორს იპოვის, ეს კი “სავარაუდოდ, წლის ბოლოს” მოხდება, თუმცა, თუ “ოცნების” დაპირებათა შესრულების ტემპს გავითვალისწინებთ, გამოდის, “ქვიშის გორები” ანაკლიელებს კიდევ კარგა ხანს შეაწუხებს.

წინა სტატიანუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე… – თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსზე
შემდეგი სტატიაავარია ბოლო ზარზე – სოფელ ფახულანის კურსდამთავრებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური