იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს უფლებამოსილების ვადა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთ თვეში, ივნისში ეწურება ანუ უახლოეს მომავალში საბჭოს წევრი აღარ იქნება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ ისიც და სხვა მოსამართლეებიც ამით ბედნიერები იქნებიან
დიმიტრი გვრიტიშვილის აღნიშნული კომენტარი მოჰყვა ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმის მორიგი სავარაუდო ფაქტის შესახებ. კერძოდ, ნაზი ჯანეზაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ლევან გზირიშვილის შვილი ალექსანდრე გზირიშვილი შესაძლოა მოსამართლედ სწორედ მამის „კლანთან“ კავშირის მეშვეობით გამწესდეს, რაც კორუფციისა და ნეპოტიზმის გამოვლინებაა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ლევან გზირიშვილმა მთელი 4 წელი გამოიყენა იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა „კლანისთვის“ თუნდაც იმ სიჩუმით, რომლითაც ის გამოირჩეოდა. შედეგად, 4 წლის თავზე, როდესაც ივნისში ვადა გვეწურება არამოსამართლე წევრების ძალიან დიდ ნაწილს, ის ბენეფიტად იღებს უკვე სავარაუდოდ თავისი შვილის მოსამართლის თანამდებობას. მოგვიანებით ის ალბათ უვადო მოსამართლეც გახდება. საუბარია ხანგრძლივ სარგებელზე, მისი შვილი შეიძლება 2053 წლამდე გახდეს მოსამართლე, თუ ის უვადოდ დაინიშნება თანამდებობაზე, რასაც, ვფიქრობ, არაფერი შეუშლის ხელს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ნაზი ჯანეზაშვილის მოსაზრების შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა თქვა, რომ ნეპოტიზმზე საუბარი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.
„ეს არის კიდევ ერთი გამოხტომა საბჭოს არამოსამართლე წევრის. საბედნიეროდ, მე, როგორც მოსამართლე, სხვა მოსამართლეებიც ბედნიერნი ვიქნებით იმით, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება“, – აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.
ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2017 წლიდანაა. მისი საქმიანობა ამუწყებაში გამოირჩევა სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების კრიტიკითა და „კლანის“ მხილებით