ხურვალეთში სამოქალაქო აქტივისტს რუსმა „მესაზღვრემ“ შარვალი ჩაიხადა და მას უკანალი აჩვენა

0
861

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს, 13 მაისს, ხურვალეთში კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ. ადგილობრივმა მცხოვრებმა, მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა, სამოქალაქო აქტივისტმა ლუდა სალიამ ისინი სახლის აივნიდან შეამჩნია და ფოტოების გადაღება დაიწყო. ფოტოს გადაღებისას მან დაინახა, რომ რუსეთის ერთ-ერთმა „მესაზღვრემ“ შარვალი ჩაიხადა და უკანალი აჩვენა

ლუდა სალია ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტია და მუდმივად აპროტესტებს ხოლმე მცოცავ ოკუპაციას. ბოლო ინციდენტი სოფელ ხურვალეთში აღდგომის დღესასწაულზე მოხდა, როცა ოკუპირებული ტერიტორიიდან სოფლის სასაფლაოს მიმართულებით 4 პირი დაეშვა. ხურვალეთის სასაფლაო მეზობელი სოფლის, ოკუპირებული ძუკაანთკარის სასაფლაოს ესაზღვრება. ხურვალეთის სასაფლაო სოფლის გასწვრივ მდებარე ქედის ძირშია, ძუკაანთკარის სასაფლაო კი – ქედის წვერზე. იქვე ახლოს საოკუპაციო ძალების საგუშაგოცაა. ძუკაანთკარელები თავიდან სასაფლაოს ოკუპირებულ ნაწილში მივიდნენ, სუფრა გაშალეს და ღვინოც დალიეს, ნასვამმა ოთხმა პირმა კი საღამოსკენ გადაწყვიტა ხურვალეთის არაოკუპირებულ სასაფლაოზე ჩასულიყო და იქ დაკრძალული ნათესავებისთვისაც მიეგო პატივი. ისინი პოლიციამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააბრუნა. ამ ყველაფერს კი ლუდა სალია მოხუცთა თავშესაფრიდან მაშინაც ადევნებდა თვალყურს

„ჩემი სახლიდან კარგად ჩანს მათი ტრაფარეტი, ე.წ სასაზღვრო ბანერი. ბანერთან იდგნენ და თან ძაღლი ჰყავდათ. როგორც კი დავინახე, გავიქეცი, ავიღე ტელეფონი და დავიწყე გადაღება. საკმაოდ აქეთ იყვნენ უკვე ბანერიდან გადმოწეულები. თვითონ რა ტერიტორიასაც აკონტროლებენ და სადაც გაავლეს „საზღვარი“ , იმის აქეთ იყვნენ, კიდევ უფრო დაბლა ჩამოსულები. რამდენიმე ფოტო გადავიღე აივნიდან, მეტს ვერ წვდება ჩემი ტელეფონი. ჭოგრიტით მაკვირდებოდნენ. მეც ჭოგრიტით ვუყურებდი. მერე ერთმა რომ ნახა, ვიღებდი ფოტოებს, ჩამოვიდა ცოტა უფრო დაბლა, ჩაიხადა და მომიშვირა უკანალი. თან ვბრაზობ, თან მეცინება. მერე მყისიერად გამოჩნდა ჩვენი პოლიციის ეკიპაჟი და ისინიც მალევე გაუჩინარდნენ”, – ამბობს ლუდა სალია.

სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფლის მიმდებარე ქედზე ხშირად ჩნდებიან და იქ მავთულხლართებს და ძელებს ამონტაჟებენ. ქედის წვერზე მათ ე.წ სასაზღვრო ბანერები აქვთ დამონტაჟებული, თუმცა ამ ტერიტორიიდან ისინი სოფლის მიმართულებით არაერთხელ ჩამოსულან.

წინა სტატიააფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
შემდეგი სტატია“რკი­ნის გუმ­ბა­თი“- რომელსაც ის­რა­ე­ლე­ლე­ბი “ცის ღმერ­თსაც” ეძა­ხი­ან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური