დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია პატივს მიაგებს ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, რომელსაც იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა და ამიტომ ეწოდა პირველწოდებული.
წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა.
ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა ანდრიას და პეტრეს: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა“. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა“ საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების“.
ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, „ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად“. ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. „დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა“, აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდა ამ მთას „რკინის ჯვარი“).
ხალხი ორად გაიყო; ნაწილი იძახდა, „ჯერ არს თაყუანის-ცემად, რომელმა ესე ვითარი სასწაული აღასრულა“, სხვები კი კვლავ ცრუ ღმერთების ერთგულნი რჩებოდნენ. ცილობა რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარი დაეხშოთ. მაცხოვრის მსასოებლებს – ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი – თავიანთი ღვთაებისადმი უნდა ელოცათ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარი გააღეს, ყველამ იხილა „კერპები ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა“.
წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.
იერუსალიმიდან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. მათ განამტკიცეს ქრისტიანობა და „დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს ტაოს კერძო ქვეყანა ვიდრე ჭოროხამდე“, იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. სვიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ „ხოლო დიდი ანდრეა სვიმონითურთ… შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და უქადაგეს სიტყუა იგი ღუთის-მეცნიერებისა და მრავალთა სიხარულით შეიწყნარეს ქადაგება იგი და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრეა სვიმონ კანანელი სხვათა თანა მოწაფეთა და თავად ჯიქეთისა ქუეყანად ავიდა“. ჯიქეთის მკვიდრმა მოსახლეობამ არა მარტო უარი განაცხადა მისი ქადაგების მიღებაზე, არამედ მოციქულის მოკვლაც კი გადაწყვიტა. მათი სიჯიუტე და უხეში გონება რომ დაინახა, მოციქულმა მიატოვა ისინი და წავიდა. წმიდა ანდრია მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა. მდინარე დნეპრს აჰყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად ქალაქი კიევი მდებარეობს.
უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. წმიდანმა „აღიხილნა თუალნი ზეცად და მადლობა შესწირა უფალს და აკურთხნა მორწმუნენი იგი ჯუარსა დამოკიდებულმან“. და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა წმიდანი. ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.