,,საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გამო დაკავებულ წურწუმიას ბინის მეიჯარე სახლიდან გაშვებით ემუქრებოდა

0
746

,,საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გამო დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის ინფორმაციით, წურწუმიას ბანკში შესვლის მოტივი გარკვეულ საკითხებზე პროტესტის გამოხატვა იყო. როგორც ბარდაველიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, წურწუმიას ბანკთან, სახელმწიფოსთან ან იმ დროს ბანკში მყოფ ადამიანებთან არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია.

ადვოკატის განმარტებით, წურწუმიას ბინის მეიჯარე სახლიდან გაშვებით ემუქრებოდა.

“მოტივი იყო პროტესტის გამოხატვა, არც ბანკის მიმართ და არც იქ მყოფი პირების მიმართ არანაირი მოთხოვნა ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს არ გაუჟღერებია და არც ჰქონია ამისი განზრახვა. ეს იყო პროტესტი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც არაერთ ადამიანს გაუჟღერებია უკმაყოფილება. ეს პროტესტი დაკავშირებული იყო გარკვეულ პირთა წრის მიმართ, რომელთა წინააღმდეგ ვვარაუდობ, რომ შეიძლება დაიწყოს გამოძიება. დეტალებში ვერ შევალ გამომდინარე იქიდან, რომ არ დავაზიანო გამოძიების ინტერესები.

მეიჯარე, რომელიც მათზე სახლს აქირავებდა, სახლიდან გაშვებით ემუქრებოდა. ამასთან, სხვა პირები, რომლებსაც მისთვის დასაბრუნებელი ჰქონდათ თანხა, მის მიმართ გარკვეულ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ მუქარის ტონით. მისი პროტესტი უკავშირდებოდა ყველა ამ დეტალს, კონკრეტული მოთხოვნა ვინმეს მიმართ არ ჰქონია. როდესაც ბანკში შევიდა, ორი გოგონა იყო, რომელსაც შეეშინდა და დაუყოვნებლივ გარეთ გაუშვა, ვიდრე სამართალდამცვავი ორგანოები დაამყარებდნენ მასთან კომუნიკაციას“, – აღნიშნა ადვოკატმა.

უფლებადამცველის განმარტებით, დაკავებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს, თუმცა მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მისივე თქმით, საგამოძიებო უწყება დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების ედავება, თუმცა, მას პნევმატური იარაღი ჰქონდა.

“მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს, აქვს გულის მანკი და გულთან დაკავშირებით რიგი პრობლემები. უნდა ჩატარებოდა ოპერაცია, ამისთვის ამზადებდა დოკუმენტებს. ჰყავს ორსული მეუღლე, რომელსაც აქვს რიგი პრობლემები. დაკავებულს ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა-ტარებას, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, ეს იყო პნევმატური იარაღი“, – აღნიშნა გიორგი ბარდაველიძემ.

ცნობისთვის, თბილისში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს გუშინ ერთი პირი – ნიკოლოზ წურწუმია თავს დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. წურწუმია მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.

წინა სტატიასამეგრელოში 4 უკანონო სახერხი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაბავშვს მოუხარშავი ლობიოს მარცვალი გადასცდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური