“ჭყონდიდის ეპარქია ერთი წლის განმავლობაში უპატრონოდ იყო დარჩენილი და მრევლს სამართლიანი პროტესტი აქვს”- მეუფე პეტრე გრიგოლ კაციას განცხადებას ეხმაურება

0
355

“ერთი წლის განმავლობაში უპატრონოდ იყო დარჩენილი ჭყონდიდის ეპარქია და მრევლს სამართლიანი პროტესტი აქვს” – ასე აფასებს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებას, რომ ეპარქიაში ის ბევრმა მღვდელმთავრად ვერ მიიღო.

“მიეჩვია ჭყონდიდის მრევლი ქრისტიანულად მართვას და წესრიგს ეპარქიაში. მანამ არ დამყარდება იქ წესრიგი, სანამ საქართველოს ეკლესიაში იქნება უსამართლობა, უკანონობა და დარჩება პასუხგაუცემელი შეკითხვები”, – ამბობს მეუფე პეტრე.

მეუფე გრიგოლმა (კაციამ) ქადაგებისას ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას არ ემორჩილებიან დედები, მამები და ბერები, ასევე, მრევლის დიდი ნაწილი მეუფე პეტრეს მიიჩნევს მათ წინამძღვრად.

“სამწუხაროდ, მეუბნებიან, რომ მეუფე, შენ კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ ჩვენთვის მეუფე არის პეტრე. მივეცი მათ სრული თავისუფლება – გინდათ, მიულოცოთ მეუფე პეტრეს ანგელოზის დღე? მიულოცეთ. მიდიოდნენ თავისუფლად, მოდიოდნენ, მეუფე პეტრე რამდენჯერ ჩამოვიდა… ჩემი ასეთი ლმობიერი დამოკიდებულება რაღაც ბოროტად გამოიყენეს, მლანძღეს”, – ამბობს მეუფე გრიგოლი. 

შეგახსენებთ, რომ სინოდის გადაწყვეტილებით, ის ეპარქიას ტოვებს, ჭყონდიდის მიტროპოლიტი კი მეუფე სტეფანე ხდება. 

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებაზე თქვა, რომ “ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს”. მისი თქმით, ეპარქიაში უნდა განახლდეს ჩვეულებრივი ცხოვრება, განათლება და სახელმწიფოებრიობა.

“დარბიხართ ყველა და პოლიტიკურ კითხვებს სვამთ. თუ გინდათ, ჭყონდიდში ჩამოდით სულიერებისთვის. სკანდალურობა ყველასგან იყო, ვიღაცას აინტერესებდა, ვიღაცამ აიტაცა და გააშუქეს, როგორც აწყობდათ. მე არ ვაპირებ, სკანდალურობის პროპაგანდას. იქ უნდა ვიყო წყნარად და მშვიდად. სკანდალურობაში მეუფე გრიგოლი არაფერ შუაშია, მეუფე მსხვერპლი იყო ამ სიტუაციისა”, – ამბობს მეუფე სტეფანე.

რაც შეეხება ნამახვანჰესის მშენებლობას, მეუფე სტეფანე ფიქრობს, რომ “ხალხს უნდა მოვუსმინოთ”.

“ჩემი პოზიცია მაგის გამო არ შემიცვლია და არც არაფერი სასჯელი ეს არ არის… სინოდმა გადაწყვიტა, რომ ჭყონდიდში გადაეყვანა ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ამ შემთხვევაში, მე აღმოვჩნდი, არა იმიტომ, რომ ნეიტრალიზაცია უნდა გაეკეთებინათ ჩემი, ასეთი რამე არ არსებობს. ჰესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის ის, რომ ხალხს უნდა მოვუსმინოთ”.– ამბობს იგი.

წინა სტატიაბარი ,,ჯაფარასთან”, რომელიც გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პოლიტიკური დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნა, პოლიციამ დალუქა.
შემდეგი სტატიაქართველი თოლოგები: ,,იერარქიები თავიანთ განცხადებებში ქრისტესმიერი მშვიდობისა და სიყვარულის ენაზე საუბარს კვლავ დაპირისპირებისა და მტრის ხატის შექმნას ამჯობინებენ”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური