ეს უკანონო სასამართლოს უკანონო განაჩენია – PACE-ის თანამომხსენებლები გახელაძეზე

0
425

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა ტიტუს კორლატეანმა და კლოდ კერნიმ შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებაზე.

“ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. ჩვენ მოვითხოვთ გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. აქვე, ხაზი გვინდა გავუსვათ რუსეთის, როგორც საქართველოს რეგიონზე სამხრეთ ოსეთზე კონტროლის მქონე ქვეყნის პასუხიმგებლობას, როგორც ეს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული”, — განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ,~ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — “სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა” და “სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა”.

გახელაძე კასპში 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რუსული მხარის მტკიცებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. მათივე თქმით, გახელაძემ ჩვენებაში აღიარა, რომ საოკუპაციო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

ოკუპირებულ ცხინვალში კი ზაზა გახელაძის გათავისუფლების ულტიმატუმებს აბსურდულს უწოდებენ და შიდა საქმეებში ჩარევად აღიქვამენ. ამასთან, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ დაკავებულებს ეროვნული კუთვნილების ნიშნით არ ასამართლებენ

“რაც შეეხება რუსეთის მიმართ უსაფუძვლო თავდასხმებისა და ბრალდებების ხანგრძლივ ტრადიციას, მათ არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. […] სამხრეთ ოსეთში დამნაშავეებს არა ეროვნული კუთვნილების ნიშნით, არამედ ჩადენილი დანაშაულის მიხედვით ასამართლებენ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი სანდო დაცვის ქვეშაა, ხოლო ყველა მისი დამრღვევი სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ძალების გავლენის სექტორებში აღმოჩნდება”, — ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

წინა სტატიაგიორგი გახარიამ 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს შეუძლია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური