როგორც ამ ხალხის დაჭერა, ისე მათი გამოშვება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება – ამბობენ ოპოზიციაში

0
371

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურა ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის  აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს და დააყენებს შუამდგომლობას, რომ მათ პატიმრობის ნაცვლად გირაო შეეფარდოთ. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და პროკურატურა ამ პროცესში იქნება საკმაოდ “პრინციპული, კატეგორიული”.

სამოქალაქო აქტივისტი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას  შესაძლო გირაოთი გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. მისი თქმით, მანდატებზე ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობა ამორალურობაა

“თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ამით ვინმეს შეიყვანენ პარლამენტში, ეს არის შეურაცხმყოფელი. რადგან ვაჭრობა ადამიანებით მანდატებზე არის გაუგონარი ამორალურობა. ამასთანავე, თუ ყველა პოლიტპატიმარს გამოუშვებენ პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების შანსი გაჩნდება ქვეყანაში”, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ

მისი თქმით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაჭერაც და შესაძლო გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.”აბსოლუტურად ცხადია, რომ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. როგორც ამ ხალხის დაჭერა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე მათი გამოშვება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანი არის ის, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ მაშინ, როცა ამას აქვს პოლიტიკური ფასი და პოლიტიკურ ფასს ქმნის მოქალაქეების აქტიურობა და შეუგუებლობა უსამართლობასთან. რომ არა ხალხის გაუჩერებელი პროტესტი, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ და ასე უნდა გავაგრძელოთ ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართებაში. გიორგი რურუაც გამოსაშვებია. ახლა გოგი მანჯგალაძეს მიადგნენ. არ უნდა დავუშვათ, რომ მხოლოდ სახელები და გვარები შეიცვალოს პოლიტპატიმრების”

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და მელაშვილი-ილიჩოვას საქმე ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.

“რა თქმა უნდა, საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და ამ ადამიანების საქმე იყო ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი და არის, რჩება დღემდე ყველაზე მძიმე და შეთითხნილი ბრალდების და გვახსოვს, ალბათ, ჩართული იყო მთელი სახელმწიფო მანქანა ამ პროპაგანდაში. ყველაზე გულსატკენი, სევდიანი, აღმაშფოთებელი ის არის, რომ სახელმწიფოს როგორც უნდა მართლმსაჯულების გარეშე, ისე ექცევა ადამიანებს და პოლიტპატიმრებს უნდა გამოუშვებს, უნდა გირაოს შეიტანს, უნდა არ გამოუშვებს, უნდა ჩატოვებს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, მოვერიდები ჯერ ხმამაღალ განცხადებას, გამოუშვან ეს ადამიანები”, — განაცხადა დეკანოიძემ ფორმულას ეთერში.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, აკაკო ბობოხიძე აცხადებს, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას  შესაძლო გათავისუფლება, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებებში გადამწყვეტი ფაქტორი არ არის.

“ჩვენი გეგმები მაინც უცვლელი რჩება. ჩვენი მთავარი ამოცანა და გეგმა არის დავიბრუნოთ და დავუბრუნოთ ხალხს მიტაცებული ძალაუფლება. კარტოგრაფების დატოვება და გამოშვება არის დეტალი და არა გადამწყვეტი. ეს არის მთავარი მიზნის შემადგენელი ნაწილი. ასე რომ, ცვლილებები, ბუნებრივია, არ იქნება”, — განაცხადა ბობიხიძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე  აქციაზე.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ და დააყენებენ შუამდგომლობას, რომ მათ პატიმრობის ნაცვლად გირაო შეეფარდოთ.

მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების პროცესში, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, რომელთა შორისაც მოაზრებენ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვასაც. ქართული ოცნება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.

წინა სტატიაპროკურატურა მელაშვილი/ილიჩოვას გათავისუფლების სანაცვლოდ თითოეულისგან 30000-ლარიან გირაოს ითხოვს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: ,,დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური