“ქრისტეს ჯვარცმაში ებრაელი ერის დადანაშაულება და “ურწმუნო მოდგმად” შერაცხვა სამარცხვინოა” – რა იქადაგა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა?

0
385

მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ანტისემიტიზმის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც, TDI-ზე დაყრდნობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტისემიტიზმზეა  საუბარი

 “20 დეკემბრის წირვის განმავლობაში მიტროპოლიტმა იოანემ ებრაელი ერი რამდენჯერმე მოიხსენია შეურაცხმყოფელ კონტექსტში. მან ებრაელებს “ქრისტიანთა მდევნელები” და “ურწმუნო მოდგმა” უწოდა. მსგავსი სიტყვების გამოყენება კი ებრაელი ხალხისა და იუდაიზმის დემონიზაციაა და იმეორებს იმ საშიშ სტერეოტიპს, რომ მთელ ერს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება ქრისტეს ჯვარცმაზე”. – წერს მსოფლიო სიონისტური ორგანიზაცია ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგებაზე, სადაც მან  ებრაელთა თემი წარმოადგინა “”ურწმუნო მოდგმად, ქრისტიანთა მდევნელად”, რომელთაც “დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე”.

მეუფე იოანეს ქადაგებას ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც (TDI) გამოეხმაურა.  TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს და აცხადებს, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. 

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ მეუფე იოანეს დადანაშაულება ანტისემიტიზმში ცილისწამებაა და რომ , ებრაელების და სხვა ერების სიყვარული პირადად მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე საკუთარ Facebook-გვერდზე გამოეხმაურა ლაშა ჟვანიას კომენტარს მიტროპოლიტის ქადაგებაზე. იციკ მოშეს თქმით, ლაშა ჟვანია ცდილობს, მიტროპოლიტს ააცილოს პასუხისმგებლობა ანტისემიტურ განცხადებაზე.

“კიდევ უფრო შემაშფოთებლად მიგვაჩნია ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას გამოხმაურება მიტროპოლიტ იოანეს განცხადებაზე. ის გვერდს უვლის მიტროპოლიტის ანტისემიტურ გამონათქვამებს და ცდილობს, მას პასუხისმგებლობა ააცილოს გაუგებარი “განმარტებებით” . – წერს იციკ მოშე.

ბიზნეს პალატის პრეზიდენტი “ისრაელის სახლის” სახელით  მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შესაბამისი ინსტიტუციების ჩართულობით მოხდეს მოცემულ პირთა განცხადებებზე დროული და ადეკვატური რეაგირება.

“ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერმინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ახლა ყველაზე ცუდი პრობლემის წაყრუება იქნება და ეს შეუძლია, გააკეთოს მან, ვისაც არ ადარდებს ხალხთა იმიჯი. ამიტომ, “ისრაელის სახლი” მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, შესაბამისი ინსტიტუციების ჩართულობით, მოხდეს ზემოაღნიშნულ პირთა განცხადებებზე დროული და ადეკვატური რეაგირება” . – წერს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი.

ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ  ილია მეორეს საკუთარ Facebook-გვერდზე დაბადების დღეს ულოცავს და წერს, რომ ახლა პატრიარქის, როგორც სულიერი წინამძღვრის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რასისტული, ანტისემიტური და არატოლერანტული გზავნილების გავრცელების სამწუხარო ფაქტიდან გამომდინარე.

ქართველი თეოლოგის ბექა მინდიაშვილის შეფასებით კი, “ქრისტეს ჯვარცმაში ებრაელი ერის დადანაშაულება, ებრაელთა “ურწმუნო მოდგმად” შერაცხვა არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მორალური, თეოლოგიური და იურიდიული დანაშაული, ეკლესიების სამარცხვინო პოზიცია იყო ინსტიტუციონალური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფუძველი.”

 

წინა სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხანძრის 40 კერაა, აქედან 19 აქტიური – მალხაზ თორია მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი
შემდეგი სტატიანიკა მელია: დიდი და მასშტაბური ფრონტი ყველას აძლევს ასპარეზს – განახლების დროა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური