მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ზუგდიდის სტადიონი ჩვენ ძაან გვტკივა" -გიორგი გახარია

“ზუგდიდის სტადიონი ჩვენ ძაან გვტკივა” -გიორგი გახარია

Published on

“ზუგდიდის სტადიონი ჩვენ ძაან გვტკივა. მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომები გამოძიებასაც კი საჭიროებს. “, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ უმრავლესობის დეპუტატის ლევან კობიაშვილის კითხვას, თუ როდის დასრულდება ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. 

პრემიერობის კანდიდატი ამბობს, რომ სტადიონის მშენებლობის პროცესში შეცდომა ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე დაუშვეს, რასაც ჭარბი ფინანსური რესურსის უშედეგოდ ხარჯვა მოჰყვა. 

“რამდენი წელია – ცოტა პროგრესი, შემდგომ… სერიოზული შეცდომები იყო ადგილობრივი ხელისუფლების თავის დროზე დაშვებული, რომლის გამოსწორებაც რესურსიც ბევრი დაჯდა, დროც და ადამიანური კაპიტალიც”, – ამბობს გახარია. მისი თქმით, სტადიონის მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომები გამოძიებასაც კი საჭიროებს. “საერთოდ გამოსაძიებელია ეგ საქმე, მე თუ მკითხავთ, რატომ მოხდა ის რაც მოხდა, პირველ ეტაპზე, როდესაც ამხელა რესურსი იყო დახარჯული”, – განაცხადა გახარიამ. 

2019 წლის მაისში საერთაშორისო გამჭვირვალობის (TI) მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ზუგდიდის სტადიონის ძირითადი შენობა და ტრიბუნები, ისევე როგორც, მინდვრის საფარი არაერთი ხარვეზით არის მოწყობილი. ტრიბუნები იმგვარადაა დაგეგმილი, რომ მაყურებელთა ნაწილი ვერ შეძლებს მოედნის სრულად დანახვას. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თითქმის გამხმარია მინდვრის საფარი, არ ხდება მისი პერიოდული მორწყვა და დამუშავება, საფარი კი უსწორმასწოროა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, წვიმის წყალი ჩადის შენობის ოთახებში, რაც კედლებს აზიანებს. რამდენიმე ოთახში კი ჭერია ჩამოშლილი. ანგარიშის მიხედვით, ნაწვიმარი წყალი გროვდება ტრიბუნებზეც, წყალსადენი სისტემა კი არ მუშაობს. 

ანგარიშის მიხედვით, მინდვრის საფარის გარშემო შემოვლებულია რკინა-ბეტონის ჯებირი, რომელთან დაჯახების შემთხვევაშიც, ფეხბურთელი, შესაძლოა, მძიმედ დაზიანდეს. 

უეფას III კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი ზუგდიდში, რომლის მშენებლობაც 2015 წელს დაიწყო და რომელზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარამდეა დახარჯული, დღემდე დაუსრულებელია. სამუშაოები შპს “დაგს” 2018 წელს უნდა დაესრულებინა. თავდაპირველად სამუშაოებზე 10 მილიონი ლარის ოდენობის ტენდერი გამოცხადდა. 

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გასცა დაპირება, რომ 5 წლის წინ დაწყებული სტადიონის მშენებლობა მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში დასრულდება.

 “ახლაც გარკვეული პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ისე არა, როგორც ზუგდიდელებს დააკმაყოფილებს”, – ამბობს გახარია, – “მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ეს სტადიონი მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება. ვეცდებით, რომ, მსგავსი რომ აღარ განმეორდეს, ყველას შესაბამისი პასუხი მოვთხოვოთ”. 

2019 წელს ზუგდიდის სტადიონის გადახურვის და განათების, სახანძრო სისტემის და პარკინგის სივრცის, ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების მოწყობაზე, გახმოვანების სამონტაჟო სამუშაოებზე, ტერიტორიის კეთილმოწყობასა და წინა ხარვეზების გამოსწორებაზე დამატებით 9 მილიონი ლარის ტენდერი გამოცხადდა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა. 

სიახლეები

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...

აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის...

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...