გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ გირჩის მინიმუმ სამი დეპუტატი პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როდესაც 38 დეპუტატი იტყვის უარს მანდატზე და ფაქტობრივად საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი აღარ იქნება.
“როგორც კი 38 დეპუტატი ფაქტობრივად დატოვებს თავის მანდატს, ანუ როგორც კი არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი დღევანდელ პარლამენტში, გირჩის ოთხივე, დიდი ალბათობით, მაგრამ სამი მინიმუმ, რაც მე ზუსტად შემიძლია გითხრათ, დეპუტატი დავწერთ განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პარლამენტი, მე-10 მოწვევის პარლამენტი, ჩვენი გაგებით, ვერ შედგა”, — განაცხადა მეგრელიშვილმა.
ამასთან , ვახტანგ მეგრელიშვილმა ქართულ ოცნებას მოუწოდა, შექმნას ისეთი კლიმატი, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკოსები ჩართონ პროცესში და შემდეგ თვითონ მოუნდეთ პარლამენტში შესვლა. მისი თქმით, ოპოზიციურ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა უნდათ, თუმცა ისეთი სიტუაციაა შექმნილი, სადაც პარლამენტში შესვლა სირცხვილია.
“მე მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, რომ ისეთი კლიმატი შექმნას , სადაც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკოსებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ პროცესში და თვითონვე უნდოდეთ მერე პარლამენტში შესვლა. ანუ ასე არ არის სიტუაცია, რომ ხალხს პარლამენტში შესვლა არ უნდა, მე ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს კოლეგებს. უბრალოდ, არის შექმნილი სიტუაცია, სადაც პარლამენტში შესვლა სირცხვილია, უბრალოდ სირცხვილია”, — განაცხადა მეგრელიშვილმა