შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმის ბიძინა ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით

0
486

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმის ბიძინა ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების განმარტებით, არსებობდა ვარაუდი, რომ დაკავებულს კონტაქტი ჰქონდა მის ძებნილ ძმასთან და მის მიმართ ვიზუალური კონტროლი ხორციელდებოდა.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის მიერ ძებნილი პირის, ბადრი ესებუას ძმა – 1982 წელს დაბადებული ბ.ე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება – ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა.

დაკავებულის ბიძინა ესებუას კუთვნილი, „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა სტატიაზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს [Video]
შემდეგი სტატიაშესაძლოა ISFED-ის საქმიანობა და მათი პარალელური დათვლა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ – NGO-ები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური