მთავარისიახლეებისაზოგადოება„ვიწყებთ ურთიერთობას ახალი ფურცლიდან“, -აფხაზეთში ქართველმა და აფხაზმა ახალგაზრდებმა ერთობლივი საწარმო გახსნეს

„ვიწყებთ ურთიერთობას ახალი ფურცლიდან“, -აფხაზეთში ქართველმა და აფხაზმა ახალგაზრდებმა ერთობლივი საწარმო გახსნეს

Published on

პირველი ქართულ-აფხაზური ბიზნესი, რომელიც რამდენიმე თვის წინ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალში, ქართველმა და აფხაზმა ახალგაზრდებმა წამოიწყეს, საწარმოში არაყს სახელწოდებით „სამურზაყანოს“ აწარმოებენ.

თამუნა შონია, გალიდან

არაყი სახელწოდებით „სამურზაყანო“, წარწერით დამზადებულია საქართველოში – აფხაზეთიდან, პირველ ეტაპზე 250 ბოთლი ჩამოასხეს, რომელიც სასაჩუქრე სახით დარიგდა და როგორც ამ იდეის ავტორი და საწარმოს დამფუძნებელი ამხანაგობა „გალი 777“-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი ლექსო გოგოხია ამბობს, თავიდან ძალიან რთული იყო პროექტზე მუშაობა, თუმცა ერთობლივად ამ პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა შეძლეს მალევე პრობლემების გადალახვა.
„ეს ერთობლივი საწარმო მდებარეობს გალში, არყის წარმოება ხდება ადგილზე, მერე ეს არაყი გადმოგვაქვს ენგურს გამოღმა და დაფასოება კეთდება თბილისში, აფხაზეთში ჭაჭა მზადდება და ფილტრაციას გადის აქ, ფილტრაციის შემდეგ ვაფასოებთ, ხდება ბოთლებში ჩამოსხმა, უკეთდება ეტიკეტი. ამჟამად ვართ ოთხი ინდ. მეწარმე და ხუთი ახალგაზრდა გვყავს დასაქმებული, აქედან სამი ეთნიკურად აფხაზია. ეს აფხაზებიც არიან ინდ.მეწარმეები, ჩვენ მათ დავეხმარებით ასევე თავიანთი პროდუქციის რეალიზაციაში და ისინი პირიქით ჩვენ დაგვეხმარებიან“, – უთხრა ოდიშინიუსს ლექსო გოგოხიამ.
მისი თქმით, მათ დაფინანსება პროგრამის „აწარმოე საწართველოში“ -ფარგლებში 35 ათასი ლარი მიიღეს და მაღალტექნოლოგიური იტალიური სპეციალური დანადგარი შეიძინეს.
„დანადგარები აფხაზეთში ჩავიტანეთ და იქ დავიწყეთ არყის გამოხდა ე.წ ჭაჭა, სუფთა ნატურალური, რომელსაც არა აქვს არანაირი დანამატი, ხილის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს, აფხაზეთი არის ამ მხრივ უძირო ბეღელი. ჩვენი პროექტის ყველაზე დიდი იდეა იყო, რომ დავხმარებოდით მოსახლეობას, ხილი რომ გაყიდონ, ეს ერთგვარად არის სტიმული ახალგაზრდებისთვისაც, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება თავად დაიწყონ, მეტი ინტერესი გაუჩნდეთ, რადგანაც ეკონომიკა ჩვენ ახალგაზრდებმა მთლიანად უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისგან, ეს არის მშვიდობის მშენებლობა, რაც არანაირად არ უშლის არავის ინტერესებს ხელს“, -ამბობს ლექსო გოგოხია.
მისივე განმარტებით, ისინი ამ პროექტის განხორციელებას მარტო ვერ შეძლებდნენ და აფხაზი თანატოლების დახმარებით დღეს უკვე ფიქრობენ ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას. არყის გარდა, ისინი აფხაზური აჯიკისა და თაფლის წარმოებასაც გეგმავენ და პროდუქციის გატანას ევროპის ბაზარზე აპირებენ.
„სამურზაყანო გვინდა ვაქციოთ როგორც ბრენდი, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და რაც მთავარია, ფასიც ხელმისაწვდომი იქნება და ხარისხი უმაღლესი. ჩვენი ყველა პროდუქტი ლაბორატორიულ შემოწმებას გაივლის“.
„რადგანაც ეს არის უკვე წარმატებული პროექტი, მეტი ნდობა გაგვიჩნდა საერთაშორისო დონეზეც, იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ასევე მეტი მხარდაჭრა გვექნება და ამ შემთხვევაში, ვაპირებთ დამატებით ადამიანების დასაქმებას, მერე როცა უკვე ჩვენ გაგვიჩნდება შემოსავალი, მცირე პროექტებს ორიდან ხუთი ათას ლარამდე ჩვენ თვითონ დავაფინანსებთ“.
ლექსო გოგოხიას თქმით, მათი მთავარი მიზანია ადგილზე მოსახლეობას დაეხმარონ იმ პრობლემების მოგვარებაში, რაც მათ წლების განმავლობაში აწუხებთ. ე.წ სასაზღვრო ზოლის ჩაკეტვამ ენგურს გაღმა მცხოვრებ მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეუქნმა.
რაც შეეხება ქართველი და აფხაზი თანატოლების ერთობლივ საქმიანობას, იგი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის პრობლემები არ არსებობს, „ახალგაზრდებს 21-ე საუკუნეში სხვა მოთხოვნები გვაქვს, გვინდა მშვიდობის მშენებლობა, სასიამოვნო ფაქტია, რომ აფხაზი თანატოლები მონდომებულები არიან, სიახლეები ერთად დავნერგოთ და განვავითაროთ ის ადგილი, სადაც ერთად გვიწევს ცხოვრება. ჩვენ თაობას რაც ყველაზე მეტად უყვარს ეს არის თავისუფლება. სპეკულაციებს გარკვეული პოლიტიკოსებისგან ადგილი არ უნდა ქონდეს, ეს ახალგაზრდების, ქართველი და აფხაზი თანატოლების ახალი ხედვაა, ვგრძნობ, რომ ზოგს აქვს ნეგატიური განწყობა, ფიქრობენ, რომ არ გამოგვივა, არ შეიძლება და ა.შ ჩვენ ახალგაზრდებს არ გვიჭირს ერთმანეთთან ურთიერთობა, არც სუფრასთან დასხდომა, იმ თემებზეც ვსაუბრობთ, რაც არის მტკივნეული, ვიცით ჩვენ ყველამ რაც იყო და როგორც იყო, მაგრამ ჩვენი იდეა არის, რომ ერთობლივად ახალი სივრცე შევქმნათ“.
„ ჩვენთან მომუშავე აფხაზ ახალგაზრდებს ჯერ არ უნდა თავის გამოჩენა, რაღაც გზები კიდევ არის გასავლელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე თვითონ გამოთქვამენ სურვილს, რომ ისინი ხალხმა გაიცნოს. ამას სხვების დასანახად არ ვაკეთებთ, ჩვენი მთავარი მიზანია ადგილზე გამოსწორდეს ეკონომიკური მდგომაროება, ხალხი დასაქმდეს, ჩვენ მათგან შევიძინოთ პროდუქცია, რომ დამატებით შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ“, – ამბობს იგი.
ლექსოს განმარტებითვე, თითქმის 30 წელია პროცესი ერთ წერტილშია გაყინული და ახალგაზრდა თაობა, ქართველი და აფხაზი თანატოლების უმეტესობა დღეს ფიქრობს, რომ ჭრილობაზე მარილის დაყრა არ შეიძლება.
„მე მინახავს ქართველი და აფხაზი დედები, რომლებმაც ომში შვილები დაკარგეს, მაგრამ ერთმანეთს აპატიეს, ზიზღის ენით საუბარი უნდა დასრულდეს, ჩვენ ამით გვინდა მშვიდობის მშენებლობის დაწყება.
აღნიშნული პროექტის მხარდამჭერი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება (ISHR) საქართველოს ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ბატონი ავთანდილ დავითაია აღნიშნავს, რომ ამ ახალგაზრდებმა შეუძლებელი შეძლეს და ამით დაამტკიცეს, რომ შესაძლებელია სახალხო დიპლომატიის კუთხით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.

„ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ გუდაუთაში, რომელიც აფხაზებისთვის მთავარი ცენტრია, მათ სურვილი აქვთ ანალოგიური საწარმო გალის შემდეგ გუდაუთაშიც გაიხსნას, ოღონდ აქ მთავარია, ამხანაგობა ”გალი 777“ -ის ფარგლებში მოხდეს ახალი საწარმოს გახსნა. გუდაუთას მოყვება გაგრა და ეკონომიკური ურთიერთობები ყველაზე ხშირად აღადგენს ადამიანებს შორის ურთიერთობებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი გალის მოსახლეობისთვის, ამ ახალგაზრდებმა საოცარი რამ შეძლეს და ისინი გეგმავენ ამ პროცესებში სხვა ახალგაზრდებიც ჩართონ. მთავარია აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი და აფხაზებმა და ქართველებმა ერთობლივად შეძლონ მუშაობა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
ეს არის პრეცედენტი მსოფლიოში, მაგალითად ვერ წარმომიდგენია აზერბაიჯანელი და სომეხი ერთად მუშაობდეს ყარაბაღში, ჩვენ ეს შევძელით და ეს რა თქმა ნდა თვალსაჩინო მაგალითია ყველასთვის, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ დანგრეული ურთიერთობის აღდგენა არის შესაძლებელი და ამას ახალი თაობა აკეთებს, რაც ორმაგად სასიხარულო ფაქტია“, – ამბობს ბატონი ავთანდილ დავითაია.
საწარმომ პროდუქციის წარმოება გალში იანვრის თვიდან დაიწყო, იმ პერიოდში როცა ახალი კორონავირუსის ეპიდემია გავრცელდა. ლქესო გოგოხიას თქმით, ისინი შემოდგომაზე ორი ათასი ბოთლის ჩამოსხმას გეგმავენ და არაყთან ერთად ევროპის ბაზარზე აფხაზურ აჟიკასა და თაფლს გაიტანენ სახელწოდებით „სამურზაყანო“.
გალში მცხოვრები 73 წლის მ.ქ განმარტებით, რაც სხვებმა ვერ შეძლეს ამ ახალგაზრდებმა გააკეთეს და მას მიაჩნია, რომ ასეთი სახის ურთიერთობები დადებით როლს ითამაშებს ჩატეხილი ხიდის აღდგენის თვალსაზრისით.
„თავიდან, რომ გავიგე ვერ მივხვდი რას აკეთებდნენ, ვიფიქრე რა გამოუვათ მეთქი, მერე როცა ეს არაყი სხვებთან ერთად გავსინჯე თვალზე ცრემლები მომადგა, ბოთლი ხელში მეჭირა და ეტიკეტს რამდენიმე წუთი თვალცრემლიანი ვუყურებდი, „სამურზაყანო“ -დამზადებულია საქართველოში აფხაზეთიდან“.

სიახლეები

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა  შემთხვევა სოფელ ჭალადიდში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული უცხო...

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი ემიგრანტების საარჩევნო ხმასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. მეუფე საბა სოციალურ ქსელში...

რა მოხდება რეალურად, თუ ყველა ემიგრანტი ხმის მისაცემად ჩამოვა – გიორგი ლუბარეცკის ანალიზი

გიორგი ლუბარეცკი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ახალ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.  "საზღვარგარეთ...

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის...