მთავარისიახლეებიმსოფლიოათობით დაღუპული, ათასობით დაშავებული – ბეირუთი აფეთქების შემდეგ

ათობით დაღუპული, ათასობით დაშავებული – ბეირუთი აფეთქების შემდეგ

Published on

ათეულობით დაღუპული, ათასობით დაშავებული, დანგრეული შენობები და გადატვირთული საავადმყოფოები – ასეთია სურათი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შემდეგ. მომხდარის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ოფიციალური პირების თქმით, აფეთქება “ასაფეთქებელი ნივთიერებებით”დატვირთულ ადგილას მოხდა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო, ამ დროისათვის, სულ მცირე, 70 დაღუპულსა და 2 700 დაშავებულზე საუბრობს. აფეთქება ქალაქის პორტის ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ-ერთი მოწმის თქმით, გარშემო მდებარე ყველა შენობა დაინგრა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები ჩანან.

მომხდარიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებას ემსხვერპლა ლიბანის ე.წ. ფალანგისტების პარტიის გენერალური მდივანი. ნაზარ ნაჯარიანმა კრიტიკული დაზიანებები საკუთარ ოფისში ყოფნისას მიიღო.

მედიის თანახმად, პორტის ტერიტორიაზე ორი აფეთქება მოხდა. მეორე მათგანი, პირველთან შედარებით, მეტად მძლავრი იყო. აფეთქებებისა და ნგრევის მასშტაბები ჩანს შოკის მომგვრელ კადრებში, რომლებიც მედიაში მალევე გავრცელდა.
აფეთქებამ შეძრა მთელი ქალაქი: როგორც BBC-ის ადგილობრივი მცხოვრები უყვება, მოქალაქეები ერთმანეთს ურეკავდნენ და ერთსა და იმავე სურათს აღწერდნენ: მძლავრი აფეთქების ხმა, შეზანზარებული შენობები და ჩამსხვრეული მინები. დაზიანდა აფეთქებების ადგილიდან კილომეტრების დაშორებით მდებარე შენობებიც.

ლიბანის პრემიერ-მინისტრის თქმით, მომხდარი უკვალოდ არ ჩაივლის და დამნაშავეები შესაბამის ფასს გადაიხდიან. მისივე თქმით, ნაგებობაში, რომელიც აფეთქდა, 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 6 წლის მანძილზე, უსაფრთხოების ზომების გარეშე ინახებოდა, რაც გაუმართლებელია.

4 აგვისტოს ტრაგედია ქვეყანას ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე დაატყდა თავს: ქვეყანა ეკონომიურ კრიზისშია, განიცდის ელექტროენერგიისა და სასმელად ვარგისი წყლის პრობლემას. ვითარება ახალმა კორონავირუსმაც გააუარესა, რომლის შემთხვევებმაც ლიბანში ზრდა ისევ დაიწყო.

ანტისამთავრობო გამოსვლები, რომლებიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, გარკვეული ფორმებით, ამ დრომდე გრძელდება. აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე შეტაკება იყო დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის ლიბანის ენერგეტიკის სამინისტროსთან.

სიმშვიდე არც ლიბანის საზღვრებზეა: დაძაბულობაა დაჯგუფება “ჰეზბოლასა” და ისრაელის ძალებს შორის, ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე.

ამასთან, მიმდინარე დღეები ლიბანისათვის მეტად მნიშვნელოვანი და სენსიტიურია: აფეთქება წინ უძღვის ექსპრემიერ რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებას. ჰარირი 2005 წელს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. გაეროს ტრიბუნალმა გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს “ჰეზბოლას” ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფ და ჰარირის მკვლელობაში ბრალდებულ 4 პირთან დაკავშირებით.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე...

დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში...

გაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით...

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე...