მიაქვს თუ არა ხელისუფლებას უკან 8 მარტის შეთანხმება და რას აცხადებენ ამერიკის საელჩო, ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროპარლამენტარები მისი შესრულების აუცილებლობაზე

0
430

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება 8 მარტის შეთანხმების ყველა ვალდებულებას ასრულებს. ეს იმ ფონზე, როდესაც პარტნიორები, როგორც ამერიკის საელჩო, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროპარლამენტარები ხელისუფლებას უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ.

​თალაკვაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პირობა არავის წინაშე დაუდია.  

პოლიტპატიმრების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ოპოზიცია ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ, ხელისუფლება კი საჯაროდ შეთანხმების ამ ნაწილს უარყოფს. 

იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებსაც ეხებოდა, ადასტურებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაც  , რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის, 5-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხებოდა. 

ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება,” -განაცხადა  აშშ-ის საელჩომ.

ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩიც. 

ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით

ეს მოვლენები შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, 8 მარტის შეთანხმების ერთგული დარჩეს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის როლს შეთანხმების შესრულებაში, 13 მარტს სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა  11-მა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან.

“თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მოგიწოდებთ, განახორციელოთ თქვენი ლეგიტიმური კონსტიტუციური უფლებამოსილება, კონკრეტულად ბატონ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომლის გათავისუფლებაც საერთო შეთანხმების შესრულების ტესტად განიხილება.” – წერია ევროპარლამენტარების წერილში.

შეთანხმების ოფიციალურ დოკუმენტში კი წერია:

“ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს.”

8 მარტის შეთანხმებას, 10 მარტს გამოეხმაურა  სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი.

ჯიმ რიში წედა, რომ ის ელის პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირების მყისიერად გათავისუფლებას.

სენატორი შაჰინის თქმით, დადებული შეთანხმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის.

ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავას და გიორგი რურუას საქმეების კონტექსტში, ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი  ანდრიუს კუბილიუსიც. მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას საქმეებს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ მიხედა სათანადოდ, რაც “კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას”.

თალაკვაძე კი ყველა ამ განცხადების ფონზე, ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა, რომ შეთანხმების პირობებში გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, სიცრუე და სპეკულაციაა და ქართულ ოცნებას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება”. 

წინა სტატია3 პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს [Video]
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ,,მნიშვნელობა არ აქვს, რა ილაპარაკეს რუსეთის შნირებმა და მათ შორის ბუნკერში ჩამალულმა კაცმა , პამპერსები რომ გაავსო შიშით ჩემი დანიშვნის გამო ”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური