არჩილ თალაკვაძე: “ქართული ოცნება” ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, ხოლო გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლება არ ყოფილა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი

0
457

,,ნაციონალური მოძრაობა”, მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები შეთანხმებაზე მითითებით, საჯაროდ ითხოვენ, მმართველმა პარტიამ, სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს, პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას მისცეს დავალება პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული სამი პირი – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდება პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი და “ქართული ოცნება”ყოველ ჯერზე მკაფიოდ პასუხობდა ოპოზიციის განცხადებებს მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით,

“უკვე ორ თვეზე მეტია მას შემდეგ რაც პოლიტიკურმა პარტიებმა ელჩების თანდასწრებით პოლიტიკური შეთანხმება გავაფორმეთ. როგორც მოგეხსენებათ, ამ შეთანხმებით, თითოეულმა მხარემ ავიღეთ ვალდებულება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემოგვეღო ახალი საარჩევნო სისტემა და უზრუნველგვეყო მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდება.

“ქართული ოცნება” ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას. სამწუხაროდ, შეთანხმების გაფორმების დღიდან, ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით.

ამგვარი სიცრუე და სპეკულაცია არის საზოგადოების და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა და კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამართლის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების მიმართ, ჯერ კიდევ, ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან ავლენენ და თქვენ კარგად გახსოვთ ეს.

მიუხედავად იმისა, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი. როგორც მოგეხსენებათ, ამგვარ განცხადებებს ყოველჯერზე საჯაროდ აკეთებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ყოველ ჯერზე ვპასუხობდით მათ განცხადებებს,” – განაცხადა თალაკვაძემ.

წინა სტატიასაქართველოში კორონავირუსით მე-11 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია3 პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური