თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატა.
„პირველი სასიხარულო ამბავი ის მინდა გითხრათ, რომ ორი პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ, სულ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს და ახლა, დღეს საღამოსაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები.
მე ვერ გეტყვით ახლა, რომ ხვალ სხვებსაც გავწერთ, შეიძლება, რაღაც-რაღაცები კიდევ გასაკეთებელი გვაქვს, მაგრამ რამდენიმე ხვალაც გაეწერება, დღეს მივიღეთ ხუთი უარყოფითი პასუხი, 3-ს დაემატა 5, უკვე 8 არიან და ნელ-ნელა წამოვლენ გამოჯანმრთელებულები“ -განაცხადა ენდელაძემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის მთავრობის მიერ შექმნილს სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge მონაცემები უცვლელია. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის 54, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია – 3254, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 233 პაციენტი.