ანაგვირილა, სიყვარულის ყვავილი – ღეს ქამენია ჯოგუდუა

0
1014

ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა”

,,ღეს ქამენია ჯოგუდუა დო ნიჩვის გეურთუა” – ღორს ანაგვირილა სძულდა და დინგზე ამოეზარდაო,  იტყვიან ჩვენში.

რატომ სძულს ღორს ანაგვირილა, რომელიც ასე ამშვენებს ველ–მინდვრებს და რა არის მასში ისეთი, რის გამოც ღორი ყველაზე დიდი შემართებით ცდილობს ძირფესვიანად ამოთხაროს იგი?   

პასუხი ამ კითხვაზე  პირდაპირ დევს მითოსურ სიბრტყეზე, სახელდობრ, დიონისე – ბახუსის მისტერიებსა და სიმბოლიკაში, სადაც ანაგვირილა, ანაგვირილას გვირგვინი მხოლოდ თავ–შუბლის სამკაული როდია, იგი შეყვარებულთა მესაიდუმლეა, მათი ილუზიებისა და, თუ გნებავთ, ალუზიების გამომწვევი ყვავილი. 

სამეგრელოს სოფლებში გასათხოვარი ქალები ქამენიობას (გვირილობისას), გაზაფხულის თუთარჩელა ღამეში გვირილების მინდვრებს მოეფინებოდნენ და ფრიად უცნაური ხერხით კრეფდნენ მათ,  ხელებს საცვლის ტოტებში გაიტარებდნენ და ასე მოწყვეტილ გვირილებს საცვალშივე ტოვებდნენ. ამგვარად დაკრეფილი გვირილებით ტენიდნენ პატარა ბალიშებსაც და შურუბუმუო – დუმილით, ხმის ამოუღებლად წვებოდნენ ლოგინში საბედოს დასიზმრების მოლოდინში.

მათრობელა ანაგვირილა ბანგავდა გოგონებს, ეს ბანგი სოკო სომას (შხანზოკოს) მსგავსად იწვევდა ზმანებებს, რომელთა რიალში უსათუოდ გაიელვებდა ჭაბუკის სახე, რომელსაც თავის საბედოდ დაიგულვებდნენ სიყვარულზე მეოცნებე, სქესობრივი სიმწიფის ასაკში შესული გოგონები. 

მაგრამ რა შუაშია ღორი? ღორი იყო მემთვრალე და ქალთმოყვარე აღვირახსნილი აგუნას, ნაყოფიერებისა და თრობის ღმერთის, იგივე დიონისე – ბახუსის ზოომორფემა, რიტუალური ცხოველი, რომელიც თრობის ყველაზე საზიზღარ სიმბოლიკას წარმოადგენდა და რომლის ხორცს ჰქონდა ვნებათა მომძალებელი, ქალურ–ვაჟური მგზნებარების გამომწვევი ძალა, ეიოფურუნუანდ – აღაგზნებდა,  სისხლს უჩქროლებდა ადამიანებს, ვაჟკაცებს, ოჩოკოჩებს. 

შეგახსენებთ, რომ დოდგიმირის ლოცვაში, მუხაზე შესახელებულ ობაში მთავარი საწირი იყო ღორის ხორცი, რომელიც რაც შეიძლება დიდი ოდენობით უნდა ეჭამათ ქალებს სქესობრივი აღგზნებისთვის, რაც პირდაპირ კავშირში იყო შვილიერებასთან, გამრავლებასთან, ნაყოფიერებასთან ანუ აგუნასთან და დიონისე – ბახუსთან.  

თუ უფრო შორს გავიხედავთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ, როგორ აქცია კირკე – ცირცემ  თავის კუნძულზე არგონავტები  ღორებად, რაც ერთ–ერთი წაკითხვით, ხდება იმისათვის, რომ ღორებივით მთვრალი კაცები, ღორებად ქცეული კაცები უკომპლექსოდ მიეცნენ სქესობრივ ორგიებს ამორძლებთან, რომელთაც ეს გამრავლებისთვის სჭირდებათ. 

 მაგრამ დავუბრუნდეთ ღორსა და ანაგვირილას. აღვირახსნილი ვნება ორბუნებოვან დიონისეს, ბახუსს, აგუნას ახასიათებს და ვაცკაცებში, ოჩოკოჩებშია განსხეულებული. ამიტომ   მისდევს მისი  ზოომორფემა –  ღორი შლიგინითა და ღრიანცელით ტყეში, ჭაობსა  და წყლებში მოხელთებულ ნიმფებს – წყარიშ დიდას, კაშინას, ტყაშ მაფას, რომელნიც განწირული წივილით გაურბიან მათ.

ერთი ვერსიით, ეს წივილი მთვრალი, აგზნებული მამრის გამოდევნებით მოგვრილი შიშის გამოძახილია, მეორე ვერსიით, ორგიისწინარე თამამი ქალური სახმობი , სიგნალი, რომლითაც ქალური ეშმაკობით მიანიშნებს თავის სამყოფელს მამრს,  მისგან  ვითომ დამალული მდედრი.

ეს მოტივი გვაქვს წივილში ფასკუნჯისა, რომელსაც მასზე მჯდარი ჭაბუკი  ასფურცელა – ოშოშია თავისი ბარკლის შიდა მხრიდან ამოგლეჯილი ხორცით აოკებს. ქალში, ისევე როგორც დიონისო – აგუნაში ერთმანეთს ებრძვის ხორციელი ვნება და ღვთაებრივი სიყვარული, მონოგამიური და პოლიგამიური ბუნება.

ანაგვირილა, ქამენია კი ქალის გრძნობებს ერთისკენ, ერთადერთისკენ, საბედოსკენ მიმართავს, ქამენიას გარგანჯიით, გვირილას გვირგვინით შემკული შუბლი ქალს შველის ვნებების მართვაში და საკუთარი თავის იმ ერთისთვის შენახვაში.

რაც უფრო მკაფიოა ქამენიის ბანგით თრობაში ხილული საბედოს ხატი, მით უფრო ძლიერია მისი წინააღმდეგობა ღორული ორგიისადმი. ამიტომ ცდილობს ღორი გააქროს, მოსპოს, ამოთხაროს ქამენია – მონოგამიური სიყვარულის უნაზესი და უძლიერესი ყვავილი.  ხოლო რაც შეეხება გვირილას ღორის დინგზე – ეს არის ნიშანი იმისა, რომ მონოგამიური სიყვარული, ერთადერთისადმი სიყვარული ბოლოს თვით ღორსაც ერევა. თვით ყველაზე აღვირახსნილი კაციც კი უძლურია ჭეშმარიტი სიყვარულის წინაშე.

 

მოდით, წარმოვიდგინოთ მუხის ჩეროში თუ ლაფში მოგორავე ღორი, რომელიც ქამენიაზე მკითხაობს: ვუყვარვარ? არ ვუყვარვარ? ალბათ სასაცილოა, მაგრამ, შესაძლოა, არც ისე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

წინა სტატიასასამართლომ მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბაკურ სორდია პატიმრობაში დატოვა [Video]
შემდეგი სტატია,,მე უმრავლესობის ადგილას ასე ომახიანად არ მოვიწვევდი ამ კომისიას იმიტომ, რომ იგი კარგს არაფერს აღმოაჩენს” – თამარ ჩუგოშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური