გუნგაშ კარაია – შენების ფილოსოფია

0
1568

ნონა ქობალიას ეთნოგრაფიული ეტიუდიდან ,,მეგრული საბავშვო თამაშობანი და გართობანი” ( ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა”)

ეს სიმინდის ნაგულის კარავია – გუნგაშ კარაია. ზამთარში, როცა გარეთ ციოდა, წვიმდა, თოვდა თუ ქარი დაწანწალებდა ( ბორია ისანწალუდ),   გართობაც სხვაგვარი იყო  – ბუხრის თუ კერიის ცეცხლთან დაყრილი    სიმინდის ნაგული მეგრელი ბავშვისთვის დღევანდელი საბვშვო კუბებისა და კონსტრუქციების დანიშნულებას ასრულებდა. ფერადი არ იყო, მაგრამ,  პლასტიკატისგან განსხვავებით,თოვლისა და ფქვილის სითეთრე ჰქონდა,  კიდევ დედის, ბებიას თუ მამიდის ადუღებული თბილი რძისა, ამასთან, რაღაც  ძალიან შინაური, ბაბუას ხელივით ფხაჭუნა და   თბილი  ფაქტურა.   

ბავშვები ერთმანეთს აჯიბრებდნენ თავიანთ კარვებს – ვინც უფრო მაღალ ,,კარაიას’’ ააშენებდა, გამარჯვებულიც ის იყო, მაგრამ უცილობელი პირობით: კარავი არ უნდა დაშლილიყო, როცა მაღლა, ჰაერში  ასწევდი ღერძით, რომელსაც იყო შემოწყობილი სიმინდის ნაგული.  

 ამ  თამაშის ფილოსოფია იმაშია , რომ რასაც აკეთებ, საფუძვლიანად უნდა აკეთო  და ყველა სიტუაციაზე გათვალო, ანუ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ფეხქვეშ ნიადაგი გეცლება,  შეინარჩუნო სიმტკიცე და მდგრადობა.

სახელმწიფოს შენებაც  ასეა. ალბათ, უნდა გაუძლო  ნებისმიერ რყევას, რომ ამ ,,კარაიასავით’’ არ ჩამოგეშალოს  ნაშრომი და ნაფიქრი.   

სამწუხაროდ, ბავშვებს ტრადიციულ თამაშებსა და გართობებს აღარ ვასწავლით, იქნებ ამიტომაც გვაკლია გულმოდგინება, თანმიმდევრულობა, ვჩქარობთ, დიდი ამბით  ვიწყებთ რაღაცას და მალევე გვბეზრდება, კიდევ უარესი, ხშირად  სხვასაც ვუშლით ხელს შენებაში. ალბათ ამიტომაც  ჩამოგვემხო თავზე სახელმწიფო არა ერთხელ და ორჯერ.  

ადამიანი ბავშვობიდან უნდა  ეჩვეოდეს  გულმოდგინებას და მყარად შენებას, თუ ეს ვერ ისწავლა, ის მაინც ეცოდინება, რომ კარგად შენებას  მტკიცე მასალა და შეუპოვრობა ჭირდება, მით უფრო, რომ სახელმწიფო  სათამაშო კარავი არ არის.

ისე,  არც ის უნდა გახდეს  სასოწარკვეთისა და გულის აცრუების მიზეზი,  თუ  საქმე დაგეშალა, შეგიფერხდა.  – აი, ჩვენც  დაგვეშალა კარავი, მაგრამ თავიდან ვაშენებთ. და ეს ღირს – ხელი გეშლება,  წვალობ, ნერვიულობ,  მაგრამ, სამაგიეროდ, ისე გიხარია, როცა  შენი ნაშრომი სიმაღლეზე ავა და დამაგრდება…  

წინა სტატიატრამპი თუ მიკი მაუსი – ვის მეტი შანსი აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში
შემდეგი სტატიათავი ანებეთ კეკლუცობას – დავით ბაქრაძის რჩევა სალომე ზურაბიშვილს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური